- კონსტანტინე მარადიშვილმა შესაძლოა, მალე საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს
- 23 წლის ფეხბურთელის საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე აქტიურად წერენ
მოსკოვის ლოკომოტივის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი შესაძლოა, მალე საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ.
რუსული მედია RB Sport-ზე დაყრდნობით წერს, რომ 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც რუსეთშია დაბადებული, სპორტული მოქალაქეობის შეცვლასთან ძალიან ახლოსაა და ქართული პასპორტის აღების დასკვნით ეტაპზეა.
წყაროს თანახმად, მარადიშვილს, რომელსაც თავის დროზე რუსეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. ამგვარად, შესაძლოა, სულ მალე ვილი სანიოლს მისი გამოძახება შეეძლოს.

თუმცა, რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა. "რია ნოვოსტი" იტყობინება, რომ მამის ცნობით, კონსტანტინე არ გეგმავს საქართველოს ნაკრებში თამაშს, შესაბამისად, არც საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, სიმართლე უახლოეს მომავალში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა საბა საზონოვმა, რომელიც დინამო მოსკოვში თამაშობს. მას ჯერ 21-წლამდელთა, მერე კი ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, სადაც ახლაც გამოძახებულია.
კონსტანტინე მარადიშვილი 2021 წლიდან მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობს (48 მატჩი, 4 გოლი), მანამდე კი 2019-2021 წლებში ცსკა-ს წევრი იყო (49 მატჩი, 2 გოლი). მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარები