Thumbnail

სკანდალი სერბეთში - ცრვენა ზვეზდა პარტიზანის კალათბურთელის დაპატიმრებას ითხოვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბელგრადული დერბის შემდეგ, მატიას ლესორტმა ფილიპ პეტრუშევს მუშტები დაუშინა
  • ცრვენა ზვეზდას სურს, რომ ფრანგის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

სერბულ კალათბურთში დიდი სკანდალია. ცრვენა ზვეზდა ითხოვს სისხლის სამართლის საქმე აღიძრას პარტიზანის ფრანგი ლეგიონერის მატიას ლესორტის მიმართ, რომელმაც ადრიატიკის ლიგის ეგიდით გამართული დერბის დასრულების შემდეგ, სერბეთის ნაკრების ცენტრ ფილიპ პეტრუშევს თავში მუშტები დაუშინა.

როგორც ყოველთვის, პარტიზანისა და ცრვენა ზვეზდას დაპირისპირებამ ამჯერადაც დიდი ინტერესი გამოიწვია და მას Beogradska Štark Arena-ზე 17 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო. პირველი ტაიმის შემდეგ პარტიზანი 14 ქულით აგებდა, თუმცა, საბოლოოდ, 92:81 იმარჯვა და დარბაზში შეკრებილი პუბლიკაც გადაირია.

როგორც სჩანს, ამან ლესორტზეც იმოქმედა და მან პეტრუშევს თავში 2-ჯერ დაარტყა. ფრანგი ცენტრი მეტოქისკენ კიდევ იწევდა, თუმცა, გამშველებლებმა გააჩერეს. თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია. წესით, ლესორტს გასაბრაზებელი არაფერი ჰქონდა, რადგანაც მისმა გუნდმა მოიგო, თავად კი 27 ქულით შეხვედრის გმირი გახდა.

"გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რათა მატიას ლესორტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნას აღძრული. მიზეზი ყველასთვის ცნობილია. მისი აგრესიული ქცევა, რის შედეგადაც ჩვენი კალათბურთელი ფილიპ პეტრუშევი ფაქტობრივად ნაცემი იქნა. ვიღაცეებმა უნდა გაიგონ, რომ მათთვის ყველაფერი დაშვებული არაა. მათ შორის საფრანგეთის ეს მოქალაქეცაა, რომელიც სერბეთში თამაშობს", - ნათქვამია ცრვენა ზვეზდას განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები