Thumbnail

ბორდოში მოთამაშე ზურიკო დავითაშვილს, რომელის ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში ჰყავს გამოძახებული, შესაძლოა, მოედანზე დაპირისპირება თანაგუნდელ სტიან გრეგერსენთან მოუხდეს. ამის შანსი 28 მარტს, ბათუმის არენაზე გასამართ შეხვედრაში არსებობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევის პირველ თამაშს ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

ბორდოს 27 წლის ნორვეგიელმა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც სტოლე სოლბაკენს ეროვნულ გუნდში ჰყავს გამოძახებული, მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. გრეგერსენმა ყურადღება ნორვეგიელთა მთავარ ვარსკვლავზე, მანჩესტერ სიტის ფორვარდ ერლინგ ჰაალანდზე გაამახვილა და ზურიკოსთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზეც ილაპარაკა. 

სტიან გრეგერსენი ნორვეგიის ნაკრებთან ერთად ბათუმს უნდა ესტუმროს

"ძალიან ვამაყობ იმით, რომ იმ ნაკრების წევრი ვარ, სადაც ერლინგ ჰაალანდი თამაშობს. ყოველთვის ვცდილობ, ასეთი ფეხბურთელებისგან ვისწავლო. ჰაალანდი ის სხვა პლანეტიდანაა, ის მანქანაა. მასთან ერთად მიოლდეში მითამაშია (2017-19 წლებში) და ძალიან კარგადაც ვიცნობ. ის ბრწყინვალე ადამიანია.     

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩს, თუკი მომიწევს ზურიკოსთან დაპირისპირება, ჩვენ მტრები ვიქნებით, მაგრამ მხოლოდ ერთ მატჩში და შემდეგ ისევ მეგობრები ვიქნებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მოუთმენლად ველი ამ თამაშს და მაგარი იქნება!", - თქვა გრეგერსენმა ნიმთან ლიგა 2-ის 28-ე ტურის შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 18 მარტს გაიმართება. 

ერლინგ ჰაალანდი საქართველოს ნაკრებთან მატჩს მაგარ ფორმაში ხვდება

სტიან გრეგერსენს, რომელიც ბორდოში 2021 წლიდან თამაშობს, ნორვეგიის ეროვნულ გუნდში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. 

ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც ბორდოში დინამო ბათუმიდან სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის, კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 21 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში 2019 წლის შემოდგომიდან გამოდის და 22 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

სანიოლი ზურიკოს ეროვნულ ნაკრებში მუდმივად იწვევს

საქართველოს და ნორვეგიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში გამოდიან, სადაც მათთან ერთად ასევე თამაშობენ ესპანეთის, შოტლანდიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდები. 

კომენტარები

ბოლო ამბები