Thumbnail
  • ისრაელ ადესანია რომან დოლიძეს მარვინ ვეტორისთან მატჩში ფავორიტად მიიჩნევს
  • ახალზელანდიელის აზრით, იტალიელის ერთადერთი პლუსი კარგი კარდიოა

UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ (23-2) საკუთარ იუთუბ არხზე UFC 286-ის ბრძოლები განიხილა და მათ შორის, რომან დოლიძისა (12-1) და მარვინ ვეტორის (18-6) ჩხუბზეც ისაუბრა. 

MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალოწონოსანის აზრით, დაპირისპირებას ქართველი მოიგებს. "იზის" მარვინთან კარიერაში ორჯერ უჩხუბია და მეტოქე ორივეჯერ დაამარცხა. ვეტორისთან მოგების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ტიტულზე რომან დოლიძემ სწორედ ადესანიასთან იჩხუბოს. 

"ვიცი ეს ბიჭი, მისი ჩხუბი მინახავს, ის ქართველია. რასაც ვუყურებ, ისე გამოიყურება, როცა გირტყამს, აუცილებლად გტკენს, რადგან მოქნეულ მუშტებში თავის წონას დებს. თუ ბრძოლა დგომში გაიმართება, წინ ნამდვილი ომი გველოდება. როცა მარვინი იბრძვის, ცდილობს მუშტებს ძალა დაატანოს, დოლიძის დარტყმა კი ისე ჩანს, რომ არა მხოლოდ ძალას ატანს, არამედ წონასაც ახმარს. მგონია, რომ ამ მატჩს რომანი მოიგებს, რადგან რაც ვნახე, ამ ბიჭს დარტყმა შეუძლია, ვეტორი კი კარგი დამცველი არაა, თან ძალიან დიდი თავი აქვს. თუმცა, მარვინს იარაღად საკუთარი ტემპის გამოყენება შეუძლია, რათა დოლიძე დაღალოს. მაგრამ მაინც მგონია, რომ რომანი მოიგებს, მართალია ფსონად სახლს ვერ ჩამოვა, თუმცა ასე ვფიქრობ," - განაცხადა ახალზელანდიელმა.

იტალიელისა და ქართველის დაპირისპირება ლონდონში გასამართი UFC 286 ღონისძიების მთავარ ქარდს გახსნის. მატჩი თბილისის დროით, 19 მარტს, 01:00 საათზე დაიწყება. რომან დოლიძე მარვინ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და ტიტულზე ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება: კამარუ უსმანი (20-2) ტიტულის დაბრუნებას ლეონ ედვარდსთან (20-3) რემატჩში (რეალურად, სპორტსმენებს შორის გამართული მესამე მატჩი იქნება) ეცდება - ქამარზე ჩატარებულ პირველ ჩხუბში იამაიკელმა ნიგერიელი მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები