- გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
- 23 მარტს ინგლისი ნეაპოლში იტალიას, 26-ში კი ლონდონში უკრაინას ეთამაშება
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევრო 2024-ის პირველი შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც არ მოიძებნა ადგილი რაჰიმ სტერლინგისა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისთვის. 23 მარტს ინგლისის ნაკრები იტალიას შეხვდება, ეს თამაში ნეაპოლში "დიეგო არმანდო მარადონაზე" გაიმართება, ხოლო 26-ში ლონდონში საუთგეიტის გუნდი უკრაინას უმასპინძლებს.
ინგლისის ნაკრები
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი, ნიკ პოუპი, აარონ რამსდეილი
მცველები: ბენჯამინ ჩილუელი, ერიკ დაიერი, მარკ გეჰი, რის ჯეიმსი, ჰარი მაგუაირი, ლიუკ შოუ, ჯონ სტოუნსი, კირან ტრიპიერი, კაილ უოლკერი
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, კონორ გალაგერი, ჯორდან ჰენდერსონი, ჯეიმს მედისონი, მეისონ მაუნტი, კელვინ ფილიპსი, დეკლან რაისი
თავდამსხმელები: ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა, აივან ტონი.
"ყოველთვის ველაპარაკებით ფეხბურთელებს და ვუხსნით, რა არის მათი ძლიერი მხარეები, როგორ უნდა განავითარონ სუსტი მხარეები. ადრე ტრენტის პოზიციაზე მეტ ფეხბურთელს ვიყვანდით, ახლა, როცა სეზონი გახურებულია, იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც დიდი ალბათობით, თამაში არ მოუწევდათ, სჯობს, დაისვენონ, ძალები აღიდგინონ. ბენ უაითის და ტრენტის სიტუაცია მსგავსია. საქმე ისაა, რომ ჩვენ კიდევ სამი მაღალი კლასის მარჯვენა მცველი გვყავს. გაგვიმართლა, რომ ამ პოზიციაზე ამდენი ტალანტი გვყავს. სულ მიჭირს ამ პოზიციაზე ფეხბურთელების შერჩევა, რადგან დიდი კონკურენციაა. ყველა ფეხბურთელმა იცის, თუ რატომ ვერ მოხვდა შემადგენლობაში", - განუცხადა გარეთ საუთგეიტმა "სქაი სპორტსს".
ცალკე საკითხია ბრენტფორდის ფორვარდის, აივან ტონის გამოძახება. მან უკვე აღიარა, რომ ფსონების დადების წესები დაარღვია. "სანამ სასამართლო არ გამართულა და საბოლოო განაჩენი არ გამოცხადებულა, არც კი ვიცი, რა მიზეზით არ უნდა გამომეძახებინა ტონი ნაკრებში", - თქვა ინგლისელთა თავკაცმა.
კომენტარები