Thumbnail

ფარიკაობა | რუსები დაუშვეს? გერმანელებმა მსოფლიოს თასის ეტაპი გააუქმეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი, შერბილებული რეკომენდაციების შემდეგ, რუს და ბელარუს სპორტსმენებს სპორტის ზოგიერთ სახეობაში საერთაშორისო ასპარეზზე აბრუნებენ (რა თქმა უნდა, ყველა სახის სიმბოლიკის გარეშე). ერთ-ერთი ასეთი ფედერაცია ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციაა (FIE). 

ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს, მათ შორის საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძემაც. რუსების დაბრუნებას ევროპაში სხვა მექანიზმებით ებრძვიან.

მაისის დასაწყისში გერმანიაში უნდა ჩატარებულიყო მსოფლიოს თასის ეტაპი რაპირისტ ქალთა შორის, თუმცა გერმანიის ფარიკაობის ფედერაციამ უარი განაცხადა ტურნირის მასპინძლობაზე და ის უბრალოდ, გააუქმა. მიზეზი ისაა, რომ ტაუბერბიშოპსჰაიმში რუს მოფარიკავე ქალებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

" FIE-ს კონგრესის გადაწყვეტილებამ, ისევ დაუშვან რუსი და ბელარუსი მოფარიკავეები, დიდი დისკუსიები გამოიწვია. ამით ჩვენ გვსურს ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი გაიგონონ. კითხვები უპასუხოდ რჩება, ასეთ პირობებში მსოფლიოს თასის ეტაპს არ ჩავატარებთ", - განაცხადა გერმანიის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდია ბოკელმა. 

გადაწყვეტილება, რომელიც 10 მარტს გამართულ რიგგარეშე კონგრესზე მიიღეს (89 დელეგატის ხმა 46-ის წინააღმდეგ), რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით გამოსვლის უფლებას აძლევს და ის ძალაში 2023 წლის აპრილის მეორე ნახევრიდან შევა. 

კომენტარები

ბოლო ამბები