- დიურგარდენი 0:3 (0:2) ლეხი
- სლოვანი 2:2 (1:4 პენალტები) (2:2) ბაზელი
უეფას კონფერენსლიგის ¼-ფინალში ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის ლეხი ითამაშებს. პოზნანელებმა სტუმრად 3:0 დაამარცხეს დიურგარდენი, რომელსაც პირველი თამაში 2:0 მოუგეს. საბოლოო ჯამში, პოლონურმა კლუბმა 5:0 გაიმარჯვა ორი მატჩის ჯამში.
სტოკჰოლმში გუნდს წიტაიშვილი არ გაჰყოლია, ხოლო კვეკვესკირი მოედანზე 67-ე წუთზე გავიდა, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო და გამარჯვებულის ვინაობა ბუნდოვანი იყო. ნიკამ 91-ე წუთზე გაიტანა (2:0 სტუმრების სასარგებლოდ) და მაშინ საბოლოოდ გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა, ერთ წუთში ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასიც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ შვედები 44-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ, დანიელსონი უხეშობისთვის გააძევეს.

ლეხი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასების მეოთხედფინალურ ეტაპზე. იგივესთან ძალიან ახლოს იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისისა და ქართული ტრიოს სლოვანი, რომელიც პირველი ტაიმის მერე 2:0-ს უგებდა შვეიცარიულ ბაზელს (პირველი მატჩი 2:2). გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
მე-2 ტაიმში ვითარება შეიცვალა, სტუმრემა ერთი მალევე გაქვითეს, ბოლოს კი 93-ე წუთზე მეკარე ხოვანის უხეში შეცდომის წყალობით, ანგარიში სულაც გათანაბრდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც სლოვანმა პირწმინდად წააგო - 1:4 და კონფერენსლიგას დაემშვიდობა. ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე გამოცვალეს.
კონფერენსლიგის მომდევნო ეტაპების წილისყრა ნიონში 17 მარტს გაიმართება.
დიურგარდენი 0:3 (0:2) ლეხი
გოლები: 0:1 მარფვინსკი (77. რებოხოს პასით), 0:2 კვეკვესკირი (91. სკორაშის პასით), 0:3 სკორაში (92. კვეკვესკირის პასით)
სლოვანი 2:2 (1:4 პენალტები) (2:2) ბაზელი
გოლები: 1:0 აბუბაკარი (11), 2:0 კუცკა (17), 2:1 კალაფიორი (53. ლანგის პასით), 2:2 ამდუნი (93. დიუფის პასით).
კომენტარები