- ფინიქს სანსი 116:113 ორლანდო მეჯიქი
- ქართველმა ცენტრმა 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა
- ორლანდოს მერკელ ფულცის შედეგიანმა თამაშმა ვერ უშველა
გოგა ბითაძის ორლანდომ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად ფინიქსთან გამართა და 3 ქულის სხვაობით დამარცხდა, 23 წლის ქართველმა ცენტრმა კი, რომელმაც მეჯიქის წინა ორი თამაში გამოტოვა, ამჯერად მოედანზე 8:14 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ბითაძისთვის, რომელიც ორლანდოში თებერვალში ინდიანადან გადაბარგდა, ეს ახალ გუნდში ჩატარებული მეექვსე თამაშია. გოგა სათადარიგო იყო და თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ მესამე მეოთხედის მიწურულს მიიღო. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს სულ სამჯერ შეუტია. ერთხელ პერიმეტრიდან არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტიანციიდან კი ორი მცდელობიდან ერთი ჩააგდო - თანგუნდელის არაზუსტი სროლის შემდეგ, ბურთი მოხსნა და თავად ჩატენა. ბითაძემ ბურთი 3-ჯერ საკუთარ ფარზე, 2-ჯერ კი შეტევაში მოხსნა. მის ანგარიშზე ასევე ერთი დაკარგვა და 2 ფოლი იყო, +/- კოეფიციენტი კი სტუმართა რიგებში ყველაზე მაღალი ჰქონდა - 9.

პირველ-მეორე მეოთხედებში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა., მაგრა დიდ შესვენებაზე სანსი პლუს 5-ით (63:58) გავიდა და ამის შემდეგ ანგარიშში უპირატესობა აღარ დათმო.
ტრავმირებული კევინ დურანტის გარეშე მოთამაშე ფინიქსს 19 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა, 18 ქულა მიითვალა კემერონ პეინმა, ხოლო 16 - კრის პოლმა. მოედანზე საუკეთესო კი ორლანდოს მცველი მერკელ ფულცი იყო, რომელმაც თამაში 25 ქულით, 7 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა. მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი სტუმართა გერმანელ ფორვარდს, ფრანც ვაგნერს ჰქონდა - 16 ქულა, 10 მოხსნა.

გოგა ბითაძის გუნდს 28 მოგება და 42 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა, საპლეიოფო ზონას კი 4 მოგებით ჩამორჩება. ორლანდო მეჯიქს მომდევნო შეხვედრის გამართვა 18 მარტს, სტუმრად ლოს ანჯელეს კლიპერსთან უწევს.
კომენტარები