Thumbnail
  • 📅 19 მარტი | ⌚ 23:00 | 🏟 ბადახოსი | 🏉 საქართველო V პორტუგალია | 📺 Rugby TV
  • ბორჯღალოსნებს ტურნირზე 28 მატჩია არ წაუგიათ და რეკორდის დამყარების შანსი აქვთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე პირველი მატჩი 2000 წლის 6 თებერვალს ლისაბონში ჩაატარა და პორტუგალიას 32:30 სძლია. მას მერე, ბორჯღალოსნებმა ტურნირზე 117 მატჩი გამართეს და 99 მოიგეს (5 ფრე, 13 წაგება), ამდენად, აწ უკვე რაგბი ევროპის ჩემპიონატად წოდებულ შეჯიბრზე მომდევნო გამარჯვება, ქართველი მორაგბეებისთვის საიუბილეო – მე-100 იქნება. საგულისხმოა, რომ ბორჯღალოსნებს შემდეგი მატჩი ისევ პორტუგალიასთან ელით და ეს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის გათამაშების ფინალია.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად შეჯიბრში ექვსის ნაცვლად 8 ნაკრები ჩაერთო, რომლებიც ორ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იყო და გერმანიას (75:12), ნიდერლანდებსა (40:8) და ესპანეთს (41:3) დამაჯერებლად სძლია. თავის მხრივ, B ჯგუფში რუმინეთს (38:20), პოლონეთსა (65:3) და ბელგიას (54:17) აჯობა პორტუგალიამ. ნახევარფინალში ბორჯღალოსნებმა რუმინეთი 31:7 დაამარცხეს, პორტუგალიამ კი ესპანეთს 27:10 სძლია. ფინალი სწორედ ესპანეთის ქალაქ ბადახოსშია დანიშნული და კვირას, 19 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

რუმინეთთან მატჩთან შედარებით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებაა – 3 შერკინებაში და ერთი ხაზში. ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერებმა – გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში პორტუგალიასთან მატჩის წინ
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

უცვლელია მეორე ხაზი, სადაც ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე დაწყვილდებიან. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს იწყებს ბექა გიგაშვილი. როტაციის პრინციპით შეიცვალნენ მარცხენა ბურჯი და კვაჭი. ფინალში თამაშს ინგლისურ ექსეთერ ჩიფსში ახლახანს გადასული ნიკა აბულაძე და შალვა მამუკაშვილი იწყებენ. შერკინების მარქაფაში გადაინაცვლეს გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ჭყოიძემ, ასევე – მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ. მარჯვენა ბურჯის შემცვლელი კვლავ გურამ პაპიძეა, მეორე ხაზში კი ლადო ჩაჩანიძეს ვიხილავთ.

ხაზში ტრავმირებული გიორგი კვესელაძის ნაცვლად მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა დემე თაფლაძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან. ფულბეკის პოზიციაზეა დავით ნინიაშვილი. უცვლელია ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. კვლავ მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა. ხაზში შეცვლაზე შევა თორნიკე კახოიძე. მთლიანობაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 15 მორაგბის კეპების ჯამი 750-ია, საიდანაც 384 – ხაზის, ხოლო 366 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ფინალს თავისი სპეციფიკა გააჩნია, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ. მართალია, პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო მატჩია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ.

ტრადიციულად, პორტუგალიას სწრაფი, ინდივიდუალისტი ხაზის მოთამაშეები ყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ, აუცილებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ეს გუნდი ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოვეთვის ბოლომდე იბრძვის. ბოლო წლებში პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით ძლიერად გამოიყურება. როგორც იცით, ფინალი ესპანეთში, კერძოდ კი, ბადახოსშია დაგეგმილი, რომელიც ლისაბონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე – მადრიდთან და პორტუგალია, ფაქტობრივად, საკუთარ მოედანზე ითამაშებს, რაც ასევე გასათვალისწინებელი მომენტია. თუმცა, ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით. ტორელავეგაში, ესპანეთთან მატჩზე, ქართველები სხვადასხვა ქალაქებიდან ავტობუსებით ჩამოვიდნენ. ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ დაგვაკლდება. პორტუგალიასთან თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ვეცდებით, გულშემატკივრებს მათგან მიღებული ემოცია ჩვენი თამაშით ორმაგად დავუბრუნოთ“.

რუმინეთთან მატჩის შემდეგ, ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილება განახორცილა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ცნობისთვის, საქართველოსა და პორტუგალიის ურთიერთშეხვედრები 24 მატჩს მოიცავს, საიდანაც 17 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა, 4-ჯერ კი წარმატებას მეტოქემ მიაღწია. პორტუგალიამ გამარჯვება მოიპოვა პირველ დაპირისპირებაში, რომელიც 1997 წელს ლისაბონში შედგა – 21:17. 2000-2002 წლებში, შინ თუ გარეთ გამარჯვებული საქართველო იყო, რასაც მეტოქის ასევე 3-მატჩიანი წამატებული სერია მოყვა. 2005 წლის შემდეგ ლობუშს საქართველოსთან არ მოუგია, თუმცა 2006, 2009 და 2022 წლებში ფრეს გამორჩა.

ამრიგად, საქართველოს მომავალ მეტოქესთან 17-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს გაუტანეს 72 ლელო და 585 ქულა, თავად კი 24 ლელო და 347 ქულა მიიღეს. ყველაზე დიდი სხვაობით ლობუშს 2006 წელს მოვუგეთ – 40:0. მას შემდეგ სოლიდური სხვაობები დაფიქსირდა 2012 (32:7), 2014 (34:9) და 2016 წლებში (29:3). შარშან პორტუგალიას ორჯერ ვეთამაშეთ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში ფრე (25:25) დაფიქსირდა, ზაფხულში კი ქუთაისში 23:14 დავამარცხეთ. პირენეელებს წელსაც 2-ჯერ გავეჯიბრებით, რადგანაც პორტუგალია 2023 წლის მსოფლიო თასზეც ჩვენს ჯგუფშია და მათთან გაჯიბრება საფრანგეთის ქალაქ ტულუზში 23 სექტემბერსაც მოგვიწევს.

ცნობისთვის, 2012-2017 წლებში, საქართველოს ნაკრებს ტურნირზე სარეკორდო, 28-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც 27 მოგებას და 1 ფრეს მოიცავდა. 2018 წლიდან ახალი ათვლა დაიწყო და 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ძლევის შემდეგ, კვლავ 27 მოგება და 1 ფრე გვაქვს. ამრიგად, ფინალში პორტუგალიასთან გამარჯვებით, ბორჯღალოსნების წაუგებელი სერია 29 მატჩს მიაღწევს და ეს, სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს ესპანეთის ქალაქი ბადახოსი უმასპინძლებს

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 5 გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 15 ტურნირიდან კი 13 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვს დასრულებული, ამდენად, დიდი შანსია, ბადახოსში საჩემპიონო თასი მეთხუთმეტედ შევმართოთ. ერთ საინტერესო დეტალიც. საქართველოსა და რუმინეთის საჩემპიონო დავაში, სხვა გუნდი ერთადერთხელ ჩაერია და ის სწორედ პორტუგალია იყო, რომელმაც თასი 2003-2004 წლების სეზონში მოიპოვა.

საქართველო პორტუგალიასთან

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36 კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

კომენტარები

ბოლო ამბები