Thumbnail
  • ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4 და 1/2 ფინალების წილისყრა გაიმართა
  • ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მეტოქე მილანი იქნება
  • წილისყრის შედეგად ნახევარფინალის პოტენციური წყვილებიც გაირკვა

ესეც ასე: დღეს ნიონში გაირკვა, თუ ვის შეხვდება ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ვის შეიძლება შეხვდეს ნახევარფინალში - თუკი იქ გავა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი, რომელმაც ტურნირის ამ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა, წილისყრამ მილანს შეახვედრა. ნაპოლი პირველ მატჩს სტუმრად 12 აპრილს გამართავს, საპასუხოს შინ - 18 აპრილს. ამ წყვილში გამარჯვებული კი ნახევარფინალში ინტერი-ბენფიკას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება - შინ და სტუმრად.

ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მითვალა

თამამად შეიძლება ითქვას, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ამაზე უკეთეს წილისყრას ვერც ინატრებდა. ნეაპოლელებს ფინალისკენ გზაზე ასცდათ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და ლონდონის ჩელსი.

1/4-ფინალური წყვილები

მადრიდის რეალი V ლონდონის ჩელსი (12 და 18 აპრილი)
მილანის ინტერი V ლისაბონის ბენფიკა (11 და 19 აპრილი)
მანჩესტერ სიტი V მიუნხენის ბაიერნი (11 და 19 აპრილი)
მილანი V ნაპოლი (12 და 18 აპრილი) 

1/2-ფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები - 9-10 და 16-17 მაისს. წყვილში დასახელებული პირველი გუნდი დაპირისპირების სასტარტო თამაშის მასპინძელი იქნება. გამონაკლისი მხოლოდ ინტერი-ბენფიკას წყვილია. სიმონე ინძაგის გუნდი პირველ შეხვედრას არა იტალიაში, არამედ პორტუგალიაში გამართავს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ინტერს და მილანს არენა საერთო აქვთ, შესაბამისად, საშინაო მატჩებს ერთკვირიან პერიოდში ერთად ვერ ჩაატარებენ.

ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალური შეხვედრა 10 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. არენა, რომელიც 75 ათას გულშემატკივარს იტევს, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩს ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ამ არენაზე ლივერპული-მილანის ლეგენდარული ფინალი გაიმართა.

აქედანვე ცნობილია, რომ 2023 წლის სტამბოლის ფინალში ნომინალური მასპინძელი მილანი-ნაპოლი-ინტერი-ბენფიკას კვარტეტში საუკეთესო კლუბი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები