- ქართველმა სუმოისტმა მე-6 საშეჯიბრო დღეს რთული ბრძოლა მოიგო
- ტოჩინოშინს დადებითი ბალანსისთვის კიდევ 6 მოგება სჭირდება
ოსაკაში მიმდინარე სუმოს წლის მეორე სუპერტურნირზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ასპარეზობას აგრძელებს. ჰარუ ბაშოზე ტრავმებით დატანჯულმა ქართველმა გოლიათმა მე-6 ორთაბრძოლა გამართა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ტოჩიმ იაპონელი რიკიში ჩიონოკუნი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.
ტოჩინოშინმა საწყისი შეჯახების შემდეგ მეტოქეს სწრაფი და აგრესიული ცუპარები დაუპირისპირა, ამ დარტყმებს გამოცდილმა ჩიონუკუნიმ თავი მშვენირად გაართვა და ერთ მომენტში ქართველი სუმოისტი დოჰიოს კიდესთანაც მიაბჯინა. ტოჩიმ რთული ვითარებიდან თავის დაღწევა შეძლო და ოშიდაშის ილეთით მეტოქე დოჰიოს მიღმა გაიყვანა.
ამგვარად, 6 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინს ორი მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა. იმისთვის, რომ ლევანი მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნდეს, მინიმუმ 8 ბრძოლა უნდა მოიგოს, ანუ მიზნის მისაღწევად, ქართველ გოლიათს დარჩენილი 9 ბრძოლიდან ექვსში გამარჯვების მოპოვება სჭირდება.
ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ჯურიოს მეხუთე ნომერი ენჰო იქნება.
კომენტარები