Thumbnail
  • დიურგანდენი 0:3 ლეხ პოზნანი
  • ნიკა კვეკვესკირი პოზნანის გუნდს ისტორიის დაწერაში დაეხმარა  
  • პოლონურმა მედიამ 30 წლის ნახევარმცველის თამაში გამოარჩია

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხის გმირია. პოლონურმა გუნდმა კონფერენსლიგის 1/8-ფინალში, შვედურ დიურგარდენს სტუმრად გამართული საპასუხო მატჩიც მოუგო (3:0) და ისტორიაში პირველად, ევროტურნირის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. 

ლეხმა დიურგარდენს შინ ანგარიშით 2:0 აჯობა, სტუმრად სტოკჰოლმში კი, მეორე ტაიმში 10 კაცით მოთამაშე მეტოქეს, სამი უპასუხო გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრების 30 წლის ნახევარმცველმა, რომელიც მოედანზე ცვლილებაზე, 67-ე წუთზე შევიდა, წვლილი სამივე გოლში შეიტანა - პირველში შეტევაში მონაწილეობდა, მეორე გოლი თავად შეაგდო, მესამე კი მისი ჩაჭრისა და გადაცემის შედეგად გავიდა. 

ლეხი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასების მეოთხედფინალურ ეტაპზე

პოლონური სპორტული მედია ნიკა კვეკვესკირზე აღფრთოვანებით წერს და მის თამაშს უმაღლეს შეფასებას აძლევს. Weszlo-მ ქართველ ფეხბურთელს 10 ბალი დაუწერა (ყველაზე მაღალი ლეხის შემადგენლობაში). 

"ეს ცვლილება ნამდვილად ლეხის ისტორიაში შევა. ქართველი მოედანზე იმ მომენტში გამოჩნდა, როდესაც შვედებს შეტევაში თამამად წასვლა სჭირდებოდათ, გაჩენილმა სივრცეებმა კი ამ ტექნიკური მოთამაშის წისქვილზე დაასხა წყალი. კვეკვესკირმა ყველა გოლში დიდი წვლილი შეიტანა. 

1:0-ზე - ბრწყინვალე თამაში რებოჩოს ასისტის მომენტში, 2:0-ზე - ზუსტი დარტყმა და გოლი, 3:0-ზე - ჩაჭრა, წინსვლა და ბოლოს, დიდებული საგოლე პასი სკორასზე.  

ნიკა არაერთმა სპორტულმა პორტალმა, მათ შორის Sofascore-მა, კონფერენსლიგის ტურის სიმბოლურში შეიყვანა 

კვეკვესკირმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, თამაშობდა ლაღად და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. მისი სითამამე და რისკიანობა თუკი უწინ დაცვაში პრობლემებს ქმნიდა ხოლმე, ამჯერად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ძალიან სასარგებლო იყო. მან ნახევარ საათზე ნაკლებ დროში ისეთი თამაშის ჩვენება მოასწრო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გვემახსოვრება. კვეკვესკირს ამ ერთ მატჩში იმდენივე შედეგიანი მოქმედება ჰქონდა, რამდენიც მანამდე მთელი სეზონის განმავლობაში (ორი გოლი ექსტრაკლასაში). აი, მომენტის შეგრძნება!", - წერს საიტი.

ლეხ პოზნანი, რომლის ღირსებას კვეკვესკირთან ერთად გიორგი წიტაიშვილიც იცავს (ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა), კონფერენსლიგის 1/4-ფინალში მეტოქის ვინაობას წილისყრის შემდეგ შეიტყობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები