- ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმის შემდეგ მე-2 გოლი გაიტანა და ემოციურად აღნიშნა
- მან იუვენტუსის ფანებს ბოდიში მოუხადა, რომ გუნდს მაქსიმალურად ვერ ეხმარება
ევროპალიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში იუვენტუსმა გერმანული ფრაიბურგი სტუმრად 2:0 დაამარცხა.
"ბებერი ქალბატონის" რიგებში გოლი ფედერიკო კიეზამაც გაიტანა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იტალიელმა შემტევმა გოლი ტიფოზებთან მირბენით აღნიშნა და მათ ბოდიში მოუხადა. მატჩის შემდეგ კიეზას აღნიშვნაზე ჰკითხეს, რომელიც ფეხბურთელმა ასე განმარტა:
"ეს იყო ბოდიში. ბოდიში კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ, რადგან არ ვარ საუკეთესო ფორმაში და ვწუხვარ, როდესაც გუნდს ვერ ვეხმარები. ტიფოზებს ბოდიში მოვუხადე, რადგან მინდა, კოლექტივს დავეხმარო და სამაგიერო კლუბს ამ ფორმით იმისთვის გადავუხადო, რაც მომცა. სამწუხაროდ, ბოლო 2 წელი ამის გაკეთებას ვერ ვახერხებ, საუკეთესო კონდიციაში გარკვეული პრობლემების გამო არ ვარ. ეს გულწრფელი ბოდიში გახლდათ, რადგან მინდა ვითამაშო და ფანები გავახარო", - თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო თითქმის 1 წელი გაუცდა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ვარსკვლავმა მონაწილეობა 16 მატჩში მიიღო, მოედანზე 314 წუთი გაატარა და ამ დროში 2 გატანილ გოლთან ერთად 4 საგოლე პასი გააკეთა.
კომენტარები