- მაიკლ ჯორდანი შარლოტის აქციების საკონტროლო პაკეტს 2010 წლიდან ფლობს
- მის მფლობელობაში გუნდმა პლეი ოფი მხოლოდ ორჯერ ითამაშა
მაიკლ ჯორდანი შარლოტ ჰორნეტსის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს. თუ NBA-ს ინსაიდერს დავუჯერებთ, მოლაპარაკება საკმაოდ სერიოზილია და MJ ორგანიზაციის სრული აქციების გადაცემას გეიბ პლოტკინზე (ჰორნეტსის მცირე აქციების მფლობელი) და რიკ შნელზე (ატლანტას აქციონერი) აპირებს.
იმ შემთხევაში, თუ ჯორდანმა შარლოტის აქციები გაყიდა, იგი ფრენჩაიზის წევრი მაინც დარჩება - როგორც აქციების მცირე პაკეტის მფლობელი. NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი ჰორნეტსის საკონტროლო აქციების მფლობელი 2010 წელს გახდა, როცა ორგანიზაცია 275 მილიონ დოლარად ბობ ჯონსონისგან შეიძინა, 2006 წლიდან კი გუნდის ინვესტორი იყო.

შარლოტ ჰორნეტსმა ჯორდანის მფლობელობაში 5 მწვრთნელი შეიცვალა, ხოლო პლეი ოფში 2-ჯერ ითამაშა - ბოლოს 2016 წელს. ამ ხნის განმავლობაში გუნდი პლეი ოფის პირველ რაუნდს ვერ გასცდა. სათქმელია ისიც, რომ ორგანიზაციამ რამდენიმე დრაფტის პერსპექტივა ჩააგდო, თუმცა 2020 წელს ფრენჩაიზი სწორი მიმართულებით წავიდა და დრაფტის მესამე ნომრად ლამელო ბოლი აირჩია, რომელიც წლის ახალბედა გახდა.
წლევანდელ სეზონში ჰორნეტსი 22 მოგებითა და 49 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო გუნდის ლიდერის ლამელო ბოლისთვის სეზონი ნაადრევად, თებერვალში, ტრავმის გამო დასრულდა.
კომენტარები