- ჰენრი სეხუდო დარწმუნებულია, რომ მარვინ ვეტორი რომან დოლიძეს მოუგებს
- UFC-ის 4-გზის ჩემპიონის აზრით, ამ მატჩში გადამწყვეტი გამოცდილება იქნება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ტიტულის პრეტენდენტმა ჰენრი სეხუდომ (16-2) ორგანიზაციის მოახლოებული საღამოს წინ რომან დოლიძისა (12-1) და მარვინ ვეტორის (18-6) ჩხუბზე პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ "იტალიური ოცნება" ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს.
აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ გასულ კვირაში სეხუდომ პიოტრ იანის (16-5) მერაბ დვალიშვილთან (15-4) გამარჯვება იწინასწარმეტყველა და როგორ დასრულდა ის მატჩი რუსისთვის, ყველამ კარგად ვიცით.
"შესაძლოა ეს ბრძოლა ქამარზე ჩხუბის ჩრდილში მოექცა და გამოგეპარათ, მაგრამ დოლიძისა და ვეტორის დაპირისპირება ძალიან მაგარი მატჩი იქნება. პირადად ვნახე, როგორ დაამარცხა რომანმა ჯეკ ჰერმანსონი და ვფიქრობ, რომ ამ ბიჭს თავის დივიზიონში ძალიან ბევრი მებრძოლის დამარცხება შეუძლია. მაგრამ შეხედეთ მის კარიერას - მხოლოდ 13 ჩხუბი აქვს ჩატარებული, მარვინს თითქმის ორჯერ მეტი. იტალიელმა ისრაელ ადესანიასა და რობერტ უითეკერთან იჩხუბა, “იზისთან” პირველი დაპირისპირება ძალიან თანაბარი იყო. მჯერა, რომ ამ სპორტში გამოცდილება ყველაფერს ნიშნავს, თუ რობერტი და ისრაელი ვერ გაფინიშებენ, სხვა გზას არ მიტოვებ და ვიტყვი, რომ ვეტორის გამარჯვების მჯერა. შეგიძლიათ იტალიელის მოგებაზე ფსონად სახლს ჩამოხვიდეთ," - განაცხადა სეხუდომ.
ჰენრი ამბობს, რომ გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა როცა UFC-ის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა, კარიერაში მხოლოდ 14 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, დემეტრიუს ჯონსონს (31-4) - 30, მასზე ორჯერ და კიდევ უფრო მეტი.
იტალიელისა და ქართველის დაპირისპირება ლონდონში გასამართი UFC 286 ღონისძიების მთავარ ქარდს გახსნის. მატჩი თბილისის დროით, 19 მარტს, 01:00 საათზე დაიწყება. რომან დოლიძე მარვინ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და ტიტულზე ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება: კამარუ უსმანი (20-2) ტიტულის დაბრუნებას ლეონ ედვარდსთან (20-3) რემატჩში (რეალურად, სპორტსმენებს შორის გამართული მესამე მატჩი იქნება) ეცდება - ქამარზე ჩატარებულ პირველ ჩხუბში იამაიკელმა ნიგერიელი მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა.
კომენტარები