Thumbnail

მაშ ასე: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მილანთან ორრაუნდიანი დაპირისპირება ელოდება.

წილისყრის შედეგი მილანის სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ მასარამ, ასევე "როსონერის" ლეგენდებმა, ფრანკო ბარეზიმ და ალესანდრო კოსტაკურტამ შეაფასეს:

ალესანდრო კოსტაკურტა (მილანის ლეგენდა): "ნაპოლი ფავორიტია, მაგრამ ასეთი ტურნირის მსგავს ეტაპზე თამაშს შეჩვევა სჭირდება. ორ საკმაოდ დაბალანსებულ თამაშს ველოდები. ნაპოლისთვის კარგია, რომ სერია A-ში სტრესი არ აქვს - მილანისგან განსხვავებით".

ფრანკო ბარეზი (მილანის ლეგენდარული კაპიტანი): "მოხარულები ვართ, რომ აქამდე მოვედით. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის დიდი სტიმულია. წინ იტალიური დერბი გველოდება, სამწუხარო ისაა, რომ ერთ-ერთი ასპარეზობას გამოეთიშება. პატივს ვცემთ ნაპოლის, ვიცით, ისინი კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია კარგად გამოსვლა. ოსიმენი ძალიან ძლიერია. ჩვენი მისია იქნება, რომ საჯარიმოში რაც შეიძლება იშვიათად შევიდეს ბურთით. საჭირო იქნება, რომ ის საჯარიმოსგან რაც შეიძლება შორს გავაკონტროლოთ. თუმცა, ნაპოლი ზოგადად, ძლიერი გუნდია, პატივი უნდა ვცეთ იმ ფეხბურთს, რომელსაც ეს გუნდის თამაშობს. კიმ მინ-ჯე და კვარაცხელია შესანიშნავი შენაძენები არიან, ორივე საოცარია".

ფრედერიკ მასარა (მილანის სპორტული დირექტორი): "მეოთხედფინალში ყველა გუნდი ძლიერია. ეს იქნება უპრეცედენტო და ძალიან რთული გამოწვევა ძლიერი ნაპოლის წინააღმდეგ, რაც ჩვენთვის სტიმულია. თავდაჯერებულები ვიქნებით. უმაღლეს დონეზე თამაში დაგვჭირდება. 20 დღეში 3 მატჩი ნაპოლის წინააღმდეგ - ეს ორივე გუნდისთვის ართულებს სიტუაციას. მილანმა და ნაპოლიმ აჩვენეს, რომ მათ ლამაზი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, ამიტომ, სანახაობრივ თამაშებს ველოდები".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს, ხოლო მილანს ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ აღნიშნულ სტადიაზე ბოლოს 2011/12 წლების სეზონში იყო, ხოლო მეოთხედფინალურ ბარიერს უკანასკნელად 2007 წელს გაცდა.

ნაპოლიმ მილანი მიმდინარე სეზონში სერია A-ში სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხოლო 2 აპრილს, "სტადიო მარადონაზე" დაუპირისპირდება. მერე იქნება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები: 12 აპრილს მილანში და 18 აპრილს ნეაპოლში. ამგვარად, ეს გუნდები 16-დღიან მონაკვეთში 3-ჯერ შეხვდებიან: აღნიშნულ წყვილში საუკეთესო ნახევარფინალში ინტერი/ბენფიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები