Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) გამორჩეული მანჩესტერ სიტისა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირებაა. ამ წყვილში ფავორიტის დასახელება შეუძლებელია.

წილისყრის შედეგსა და მეტოქეზე ისაუბრა გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა. 35 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ეს დაპირისპირება რთული გამოწვევაა.

…ნაგელსმანი ბაიერნის გზაზე: "ვფიქრობ, ძალიან კარგი და გამომწვევი დაპირისპირებაა. თუ საბოლოოდ ტიტულს მოვიგებ, არ მსურს ხალხმა იღბალსა და სისულელეებზე ისაუბროს. ტრიუმფი ძალიან ღირებული და შესანიშნავი იქნება. ჩვენ ასევე ძალიან რთული ჯგუფური ეტაპი გავიარეთ, სადაც ბარსელონა და ინტერი გვყავდა. ასე გამარჯვება დიდი მენტალიტეტისა და ხარისხის ნიშანი იქნება".

…გვარდიოლას სტილთან მსგავსებაზე: "მისი გუნდების ბევრი თამაში მაქვს ნანახი, მაგრამ სხვა მწვრთნელებისგან არასოდეს არაფერი გადამიღია. ზოგადად, პეპის გუნდები ძალიან სანახაობრივ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ".

…ერლინგ ჰაალანდზე: "ის საოცრად კარგია. ფიზიკურობისა და სიჩქარის თვალსაზრისით, მას უმაღლესი ხარისხი აქვს. მაგრამ სიტიში კიდევ რამდენიმე ძლიერი მოთამაშეა - ისევე, როგორც ჩვენთან".

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები - 9-10 და 16-17 მაისს. მანჩესტერ სიტისა და მიუნხენის ბაიერნს შორის გამარჯვებულს ნახევარფინალში მადრიდის რეალსა და ლონდონის ჩელსის წყვილში მოგებული შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები