Thumbnail

'ჩემპიონთა ლიგაში მილანი მილანია' - პიოლის კვარას და ლეაოს შედარება სთხოვეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მაშ ასე: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მილანთან ორრაუნდიანი დაპირისპირება ელოდება. წილისყრა შეაფასა მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმაც, რომელიც ოპტიმისტურად განწყობილი ჩანს.

"როსონერის" თავკაცის აზრით, სერია A-ში ნაპოლი უკეთესია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მილანი თავს სხვანაირად გრძნობს. პიოლის ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შორის უკეთესის დასახელებაც სთხოვეს.

სტეფანო პიოლი წილისყრის შესახებ: "წილისყრის შედეგები ვარჯიშის დროს გავიგეთ. ნებისმიერი მეტოქე ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემი. მეოთხედფინალში ვართ, მილანი ვართ და გვინდა, წინ წავიდეთ. ნაპოლი ძლიერია, სერია A-ში ჩვენზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა და მილანი იქ მილანია".

...მილანის მიზანზე: "მეოთხედფინალში დამსახურებულად ვართ, მოტივაციით და ამბიციებით: გვინდა, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. არ მგონია, სპალეტიმ მესიჯი გამომიგზავნოს (იღიმის - რედ). მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვფიქრობ, შესანიშნავი მწვრთნელია. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგას შორის განსხვავება აშკარაა, მაგრამ ჯერ სერია A-ზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება".

...ნეაპოლში ფანების წილისყრით კმაყოფილებაზე: "მაგრამ, მე მირჩევნია, თამაშის შემდეგ ვიზეიმო, ვიდრე მანამდე!"

...კვარა ჯობია თუ ლეაო: "ძნელი სათქმელია, მათ განსხვავებული თვისებები აქვთ. სერია A-ში როცა ვითამაშეთ, ჩვენ ლეაო გვაკლდა, მათ ოსიმენი. კარგი მატჩები იქნება ორ ძლიერ გუნდს შორის".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს, ხოლო მილანს ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ აღნიშნულ სტადიაზე ბოლოს 2011/12 წლების სეზონში იყო, ხოლო მეოთხედფინალურ ბარიერს უკანასკნელად 2007 წელს გაცდა.

ნაპოლიმ მილანი მიმდინარე სეზონში სერია A-ში სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხოლო 2 აპრილს, "სტადიო მარადონაზე" დაუპირისპირდება. მერე იქნება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები: 12 აპრილს მილანში და 18 აპრილს ნეაპოლში. ამგვარად, ეს გუნდები 16-დღიან მონაკვეთში 3-ჯერ შეხვდებიან: აღნიშნულ წყვილში საუკეთესო ნახევარფინალში ინტერი/ბენფიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები