Thumbnail
  • რობერტო მარტინესმა ნაკრებში 26 მოთამაშე გამოიძახა
  • ახალი მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოს ენდობა

კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. გუნდის თავკაცმა რობერტო მარტინესმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ნაკრებში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. 26-კაციანი სია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც 38 წლის რონალდოს გვარსაც ვკითხულობთ.

"რონალდოს სურს თამაში და პორტუგალიის ნაკრების ერთგულია. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასაკს და სხვა ასპექტებს არ ვუყურებ. მას აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს და თავისი გამოცდილება გადასცეს გუნდს", - თქვა მარტინესმა.

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა

მიუხედავად მუნდიალზე განცდილი მარცხისა, მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ რონალდო სანაკრებო კარიერას გააგრძელებდა. ალ ნასრში ტრანსფერის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანო ნაკრებში აღარ ითამაშებდა, ამას დაემატა მწვრთნელი ცვლილება თუმცა 38 წლის ფორვარდი ეროვნულ გუნდში ასპარეზობად მაინც განაგრძობს.

პორტუგალიის ნაკრებს პირველად უთავკაცებს რობერტო მარტინესი, რომელიც გუნდში ფერნანდო სანტუშის გაშვების შემდეგ მივიდა. რონალდოს გამოძახების გარდა აღსანიშნავია გუნდში დიოგო ჟოტას დაბრუნებაც, რომელიც პორტუგალიის ნაკრებს ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი ვერ ეხმარებოდა.

მარტინესის გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს მარტის ბოლოს გამართავს. პორტუგალიელები 23-ში შინ ლიხტენშტაინს მიიღებენ, ხოლო 26-ში სტუმრად ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან.      

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტო), ჟოზე სა (ვულვზი), რუი პატრისიო (რომა).

მცველები: დიოგო დალო (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაო კანსელო (ბაიერნი), დანილო პერეირა (პსჟ), პეპე (პორტო), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), გონშალო ინასიო (სპორტინგი), დიოგო ლეტე (უნიონ ბერლინი), ნუნო მენდეში (პსჟ), რაფაელ გერერო (დორტმუნდი).

ნახევარმცველები: ჟოაო პალინია (ფულემი), რუბენ ნევეში (ვულვზი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ბრუნო ფერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაო მარიო (ბენფიკა), მათეოს ნუნესი (ვულვზი), ოტავიო (პორტო), ვიტინია (პსჟ).

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (ალ ნასრი), გონშალო რამოსი (ბენფიკა), ჟოაო ფელიქსი (ჩელსი), რაფაელ ლეაო (მილანი), დიოგო ჟოტა (ლივერპული). 

კომენტარები

ბოლო ამბები