Thumbnail
  • გერმანიის ნაკრები 25 მარტს პერუს შეხვდება, 28-ში - ბელგიას
  • ბუნდესმწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შემადგენლობა დაასახელა

უარი 5 წამყვან ფეხბურთელს და 5 ახალწვეული - გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მოახლოებული მატჩებისთვის ბუნდესგუნდის შემადგენლობა დაასახელა და ბევრი გააოცა.

58 წლის ბუნდესმწვრთნელმა პერუსთან (25 მარტს) და ბელგიასთან (28 მარტს) დაგეგმილი მატჩებისთვის გერმანიის ნაკრებში არ გამოძახა ბაიერნის შემტევი ლეროი სანე, დორტმუნდის ბორუსიას მცველი ნიკლას ზიულე და მადრიდის რეალის უკანახაზელი ანტონიო რიუდიგერი. მანამდე ცნობილი გახდა ისიც, რომ ბუნდესნაკრებში ამჯერად არც ილქაი გიუნდოგანი და თომას მიულერი იქნებიან.

ფლიკმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წინადადებით განმარტა. პირველი: “ვფიქრობთ, ამ ფაზაში ყველა ფეხბურთელი 8 დღით არ უნდა წამოვიყვანოთ. სახლში მათ დროის უკეთ გამოყენება და დასვენება შეუძლიათ.” მეორე: “ახალი ფეხბურთელების გამოცდა და საქმეში ნახვა გვსურს. ჩვენ გვაქვს დავალება, რომ ალტერნატივები ვეძებოთ და ეს პროცესი სწორედ ახლა, მარტში უნდა დავიწყოთ.” სანეს შესახებ დასმულ კითხვას ფლიკმა ასე უპასუხა: “მის არგამოძახებას არ აქვს კავშირი მისი ფეხბურთის ხარისხთან. გადაწყვეტილების მიზეზი პირადად ავუხსენი.”

ლეროი სანე გერმანიის ნაკრებში გამოძახებული არ არის

გასაგები ხდება, რომ სანეზე უარის თქმა მის ბოლოდროინდელ უდისციპლინობებს უკავშირდება. გერმანული მედია წერს, რომ სანე ძალიან მოტივირებული იყო. ფლიკამდე, სანეს ნაკრებს მიღმა დატოვების თემაზე ბაიერნის მწვრთნელ იულიან ნაგელსმანსაც ჰკითხეს, რომელმაც თქვა: “ძალიან გთხოვთ, თვითონ ჰანსი ფლიკს ჰკითხეთ, რატომ არ გამოიძახა ლეროი სანე. მე მესაუბრა და ამიხსნა, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩება. თვითონ გეტყვით, რისი თქმაც მოუნდება.”

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებში გამოძახებულ ახალ ფეხბურთელებს: 

იოშა ვაგნომანი: 22 წლის მცველი შტუტგარტში თამაშობს და საინტერესოა, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი არ არის. ფლიკი ამბობს: “ფეხბურთს ისე თამაშობს, რომ ჩვენთვის რაღაცების მოცემა შეუძლია. ჩვენ გვინდა, რომ ის მომდევნო წლისთვის შეეჩვიოს ნაკრებს.”

მარიუს ვოლფი: გულის ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და დორტმუნდის ბორუსიაში კვლავ ძალიან კარგად თამაშობს. მისი ნაკრებში გამოძახება ლოგიკურია. 

მერგიმ ბერიშა: აუგსბურგის 24 წლის თავდამსხმელმა ბოლოს ფლიკის თვალწინ, ბაიერნს დუბლი შეუსრულა. ჰანსი მას მანამდეც დიდხანს აკვირდებოდა.

ფელიქს ნმეჩა: ვოლფსბურგში საკმაოდ კარგად თამაშობს.

კევინ შადე: 21 წლის შემტევი, რომელიც ფრაიბურგიდან ბრენტფორდშია განათხოვრებული და ზაფხულში მასში 25 მილიონს გადაიხდიან. პრემიერლიგაში აქამდე 1 საგოლე პასი აქვს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ბერნდ ლენო (ფულჰემი).

მცველები: არმელ ბელა კოჩაპი (საუთჰემპტონი), მათიას გინტერი (ფრაიბურგი), კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), თილო კერერი (ვესტ ჰემი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ნიკო შლოტერბერკი (დორტმუნდი), იოშა ვაგნომანი (შტუტგარტი), მარიუს ვოლფი (დორტმუნდი).

ნახევარმცველები: ემრე ჯანი (დორტმუნდი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), მარიო გიოტცე (აინტრახტი), კაი ჰავერტცი (ჩელსი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფელიქს ნმეჩა (ვოლფსბურგი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).

თავდამსხმელები: მერგიმ ბერიშა (აუგსბურგი), ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), კევინ შადე (ბრენტფორდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

კომენტარები

ბოლო ამბები