- 📅 19 მარტი | 🏟 გრანდე ტორინო | ⌚ 18:00 | ⚽ ტორინო V ნაპოლი
- ლუჩანო სპალეტი: კვარას კისრის ძარღვი დაბერილი უფრო მომწონს
- სანაკრებო პაუზამდე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ტორინოს ეთამაშება
- ნეაპოლელებს სერია A-ში სარეკორდო უპირატესობა აქვთ
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ
სანამ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში სანაკრებო მატჩებისთვის ჩამოვა, სერია A-ში კიდევ ერთი მატჩი ელოდება: იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში ნაპოლი ტორინოს ესტუმრება.
ნეაპოლელებმა უკვე იციან, რომ აპრილში, სანაკრებო პაუზის შემდეგ, სუპერმატჩები ელოდებათ - მათ შორის, 3-ჯერ მილანთან, რომელსაც ჯერ სერია A-ში უნდა შეხვდნენ, მერე კი, ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში. ნეაპოლელთა კალენდარში აპრილში იუვენტუსთან საგარეო შეხვედრაცაა, მაგრამ მანამდე ლუჩანო სპალეტის გუნდი ტურინში ტორინოსთან სათამაშოდ ჩავა.
ეს შეხვედრა სანაკრებო პაუზამდე ნაპოლისთვის ბოლო იქნება, მერე საკლუბო ფეხბურთში 2-კვირიანი შესვენება გამოცხადდება, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი დაიწყება: ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი, რომლის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას შეხვდება.
დავუბრუნდეთ სერია A-ს: პირველ წრეში ხვიჩამ ტურინულ გუნდს გოლი გაუტანა. ზოგადად, ქართველ ვარსკვლავს საოცარი სეზონი რომ აქვს, სიახლე აღარ არის. ნაპოლის სერია A-ში ქულების დაკარგვის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ ასე არ ფიქრობს ლუჩანო სპალეტი. ის თავის გუნდს არ ადუნებს და ამიტომაცაა, რომ კამპანიელები თამაშიდან თამაშამდე მეტოქეებს არ ინდობენ.

ტორინო სულაც არ არის იოლად დასამარცხებელი მეტოქე. ივან იურიჩის გუნდს ბოლო ორი მატჩი გოლგაუშვებლად აქვს მოგებული, სატურნირო ცხრილშიც მე-8 ადგილზეა და ევროზონას 5 ქულა აშორებს. ამგვარად, "გრანდე ტორინოზე" ნაპოლის იოლი გასეირნება წესით არ ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ტორინოსთან თითქმის 8 წელია არ დამარცხებულა.
გუნდებს განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ. ნაპოლიში მხოლოდ ჯაკომო რასპადორისა და დიეგო დემეს თამაშია ეჭვქვეშ, თუმცა ისინი სპალეტის გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან. ტურინელთა ბანაკშიც იგივე ვითარებაა, ძირითადი შემადგენლობის ყველა წევრი სათამაშოდ მზადაა.
საინტერესო ფაქტები
🟠 ტორინოს ნაპოლის წინააღმდეგ ბოლო გამარჯვება 2015 წლის 1 მარტს აქვს მოპოვებული (1:0 კამილ გლიკის გოლით). მას შემდეგ 15 მატჩიდან 11 ნაპოლიმ მოიგო, ხოლო 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა. კამპანიელებს სერია A-ში ტორინოს წინააღმდეგ ზედიზედ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია არასდროს ჰქონიათ.
🟠 სერია A-ს ბოლო 7 მატჩში ნაპოლის ტორინოსთან გასვლაზე არ წაუგია (6 მოგება, 1 ფრე). ნაპოლის ამ შეხვედრებიდან 4-ჯერ გოლი არ გაუშვია, მათ შორის ბოლო სამ საგარეო თამაშში.
🟠 ნაპოლიმ სერია A-ს ბოლო 10 შეხვედრიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა, მათ შორის, ბოლო 5 საგარეო მატჩში. "აძურის" სერია A-ში არასდროს ჰქონია ზედიზედ 6 გასვლით მატჩში კარი მშრალად შენახული.
🟠 მას შემდეგ, რაც სერია A ისევ 20-გუნდიანი გახდა (2004/05 წლების სეზონიდან), არცერთ გუნდს ჰქონია 18-ქულიანი უპირატესობა სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე. მეორე შედეგი იუვენტუსს ეკუთვნის, რომელსაც 2018/19 წლების სეზონში 16-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.
🟠 ტორინოს ბოლო 8 გოლიდან 6, მათ შორის ბოლო 5 პირველ ტაიმში გავიდა. თებერვლის დასაწყისიდან მხოლოდ იუვენტუსმა (8 გოლი) და სასუოლომ (7) გაიტანეს უფრო მეტი გოლი პირველ ნახევარში, ვიდრე "გრანატამ". ნაპოლის აქტივში ამ პერიოდში 5 გოლია (პირველ ტაიმში).
🟠 ნაპოლის 14 გოლი კუთხურიდან აქვს გატანილი, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგია. ამასთან, "აძურიმ" მხოლოდ 1 გოლი გაუშვა კუთხურიდან სერია A-ში და უკეთესი შედეგი ტოპლიგებში მხოლოდ ვალიადოლიდს აქვს (0).
🟠 ვიქტორ ოსიმენს 10 და ლაუტარო მარტინესს (7) აქვთ გატანილი უფრო მეტი გოლი, ვიდრე ანტონიო სანაბრიამ გაიტანა (5) სერია A-ში 2023 წელს. ტორინოს ფორვარდმა, რომელმაც ნაპოლის პირველ წრეშიც გაუტანა, უკვე გაიტანა იმდენივე გოლი, რამდენიც მთლიანად 2022 წლის განმავლობაში.
🟠 ვიქტორ ოსიმენი (23 - გოლი/საგოლე პასი) და ხვიჩა კვარაცხელია (20 - გოლი/საგოლე პასი) ორადორი ფეხბურთელი არიან, რომლებმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში მინიმუმ 20 გოლში მიიღეს მონაწილეობა. ევროპის საუკეთესო ხუთ ჩემპიონატში მხოლოდ ერლინგ ჰაალანდს, ნეიმარს, ვისამ ბენ იედერსა და ლიონელ მესის აქვთ მათზე უკეთესი მაჩვენებელი. ნიგერიელი გოლში ყოველ 80 წუთში ერთხელ მონაწილეობს, ქართველი - 83 წუთში.
🟠 ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი და ორივე პირველ წრეში ტორინოს წინააღმდეგ.
🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდს არცერთხელ გაუტანია.
🟠 ტორინოს ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ეს გუნდები სერია A-ში 137-ჯერ შეხვდნენ. ნაპოლიმ 52 მატჩი მოიგო, ტორინომ 31 და 54-ჯერ ფრე დაფიქსირდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ტორინო (3-4-2-1): მილინკოვიჩ-სავიჩი - გრავილონი, შურსი, ბონჯორნო - სინგო, ლინეტი, ილიჩი, როდრიგესი - მირანჩუკი, რადონიჩი - სანაბრია.
ტრავმა: ლაზარო, ზიმა, ვიეირა
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: რასპადორი, დემე
კომენტარები