- რომის მერი შიშობს, რომ ულტრასები მარადიულ ქალაქს ისევ დაარბევენ
- მან იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა
ნაპოლისა და ფრანკფურტის აინტრახტის მატჩის დღეს ნეაპოლში მომხდარი ქაოსისა და არეულობების შემდეგ იტალიის დედაქალაქ რომშიც სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ როტერდამის ფეიენოორდთან ევროპალიგის მომავალი მატჩი მშვიდად არ ჩაივლის და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. რომის მერმა რობერტო გუალტიერიმ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოზის მიმართა თხოვნით, რომ ნიდერლანდელ გულშემატკივრებს რომა-ფეიენოორდის მატჩის ბილეთების შეძენა აეკრძალოთ.
“დიახ, მინისტრს ვთხოვე, რომ შეამოწმოს, რამდენად შესაძლებელია ფეიენოორდის ფანებისთვის რომში იტალიაში ჩამოსვლის აკრძალვა და მიიღოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები ჩვენი ქალაქის დასაცავად,” - განაცხადა გუალტიერიმ ევროპალიგის მეოთხედფინალის წილისყრის შემდეგ, რომელშიც გაირკვა, რომ რომა ფეიენოორდს უნდა დაუპირისპირდეს.

ასეთი მოთხოვნის მიზეზი ის არის, რომ ფეიენოორდის ულტრასებმა რამდენიმე წლის წინ ერთხელ უკვე მოაწყვეს რომის ქუჩებში არეულობა. “ახლო წარსულში ძალიან მძიმე და საშინელი ძალადობების მოწმენი გავხდით. მინისტრი დამპირდა, რომ ყველაფერს იღონებს ჩემი თხოვნის შესასრულებლად.” - დასძინა რომის მერმა.

გაგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, რომასა და ფეიენოორდს შორის ევროპალიგის მატჩის წინ, როტერდამელმა ულტრასებმა იტალიის დედალაქის ქუჩებში საშინელებები ჩაიდინეს. დააზიანეს რომის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები და მათ მიერ ქალაქისთვის მიყენებული ზარალი ჯამში ათიათასობით ევროს შეადგენდა.
კომენტარები