- ჰაიდენჰაიმი 5:2 კარლსრუე
- ბუდუ ზივზივაძემ ბოლო 24 წუთი ითამაშა
- KSC-ს 5-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა
გერმანიის II ბუნდესლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე სტუმრად ჰაიდენჰაიმთან 2:5 დამარცხდა, არადა, 38-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა...
კრისტიან აიხნერის გუნდი ამ შეხვედრას 5-მატჩიანი მოგებების სერიით შეხვდა, თუმცა, წარმატებული პერიოდი საკმაოდ მტკივნეული მარცხით დაასრულა. KSC ლეონ იენსენმა მე-14 წუთზე დააწინაურა, 9 წუთში მიკელ სორენსენმა სხვაობა გაზარდა. თუმცა, შემდეგ ბადენელებმა 5 უპასუხო გოლი გაუშვეს.

ბუდუ ზივზივაძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:4 მარცხდებოდა. ბუდუსთვის ეს მე-2 ოფიციალური მატჩია გერმანულ გუნდში, სადაც ჯერჯერობით, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
კარლსრუე 34 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო 1 აპრილს, ბრაუნშვაიგს უმასპინძლებს. KSC-ს თვენახევრის წინ გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი, ხსენებული 5 მატჩის ზედიზედ მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში თავს მშვიდად გრძნობს. ცნობისთვის, ჰაიდენჰაიმი 50 ქულით ლიდერის პოზიციაზეა.
ზივზივაძე საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, შესაბამისად, ის ახლა საქართველოში ჩამოვა, ორშაბათიდან კი ვილი სანიოლის გუნდს შეკრებაზე შეუერთდება.
კომენტარები