- სან ანტონიო სპურსი 120:126 (OT) მემფის გრიზლისი
- სპურსმა სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო
- მამუკელაშვილი 14 მოხსნით ორივე გუნდში საუკეთესო იყო
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. სან ანტონიო სპურსის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, მიმფის გრიზლისთან შეხვედრაში 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია. აქამდე მამუკელაშვილს NBA-ში ყველაზე მეტი მოხსნა - 13, შარშან აპრილში, მილუოკი ბაქსში თამაშის დროს, სტუმრად კლივლენდ კავალიერსთან გამართულ შეხვედრაში ჰქონდა.
სპურსმა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში დათმო ოვერტაიმში. არადა, სასტარტო მეოთხედიდან მოყოლებული, ფლობდა უპირატესობას და მესამე პერიოდში წინ 29 ქულის სხვაობითაც იყო, მაგრამ მეოთხე მეოთხედის მიწურულს მეტოქეს ანგარიშის გათანაბრებისა და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შესაძლებლობა მისცა, სადაც საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, სანდრომ წინა მატჩისგან განსხვავებით, თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე კი ჯამში 22:45 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი სტატისტიკა 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო.
სანდრომ ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტანციიდან კი 5 მცდელობა ჰქონდა, საიდანაც 2 ჩააგდო. მისი 4 საჯარიმოდან ზუსტი 2 აღმოჩნდა. მამუკელაშვილმა 8-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, 6-ჯერ - საკუთარზე, 14 მოხსნით კი ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე ასევე თითო დაკარგვა და ფოლი იყო, მასზე კი ორჯერ დაჯარიმდნენ.
მემფის გრიზლისში 28 ქულით საუკეთესო ჯარენ ჯექსონი იყო, სამმაგი დუბლი კი ტაიას ჯონსს ჰქონდა - 20 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. მასპინძელთა რიგებში შედეგიანობით დევინ ვასელი და ზაკ კოლინსი გამოირჩნენ, შესაბამისად, 25 და 24 ქულით.
სან ანტონიო სპურსს 18 მოგება და 52 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციაზეა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს მომდევნო თამაშის ჩატარება 19 მარტს, შინ ატლანტა ჰოუქსთან უწევს.
კომენტარები