Thumbnail

'ჩემი მთავარი მტერია' - მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას არ ეშვება

  • 29 წლის მოვსარ ევლოევი ოქტაგონზე დაბრუნებას მაის-ივნისში იმედოვნებს
  • ინგუში UFC-ის ქვემსუბუქ დივიზიონში უმთავრეს მეტოქედ ქართველს მიიჩნევს

UFС-ის ინგუში მებრძოლი მოვსარ ევლოევი, რომელიც ქვემსუბუქ წონაში გამოდის, ილია თოფურიას არ ეშვება და მასთან ბრძოლის სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს. ამჟამად 29 წლის ევლოევი დივიზიონის რეიტინგში მე-10 პოზიციაზეა, 26 წლის თოფურია კი მე-9 ადგილს იკავებს. ინგუში მებრძოლი ქართველს აქებს და თავის მთავარ მტრად მოიხსენიებს.

"ჩემი უმთავრესი მტერი ილია თოფურიაა. UFC-ში მისი შედეგი ხუთიდან ხუთი მოგებაა. ის ჩემსავით დაუმარცხებელია და შესაძლოა, დივიზიონში ყველაზე რთული მეტოქეა. მას შემდეგ, რაც გავლახავ, ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებ. 

რამდენჯერმე გამოვიწვიე, მივმართე UFC-ის ხელმძღვანელობას, რათა ჩემთვის ეს ბრძოლა დაეგეგმათ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ასე რომ, ვვარჯიშობ და ველოდები მეტოქეს. თუ მას სხვა მეტოქეს შეურჩევენ, მზად ვიქნები სხვა ნებისმიერს შევხვდე. ტრავმის გამო დიდი ხნით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ახლა ბრძოლა მჭირდება. უკვე ვითხოვე ჩემთვის შეხვედრის მაისში ან ივნისში დაგეგმვა, რამადანის შემდეგ მე უკვე მზად ვიქნები", - თქვა ევლოევმა The Schmo-სთან ინტერვიუში. 

ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ქართველმა UFC-ში 5 ბრძოლიდან 4-ში მეტოქე დააფინიშა

ევლოევსა და თოფურიას შორის ბრძოლა ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში უნდა შემდგარიყო, თუმცა მაშინ ინგუშს კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩხუბის გამართვა ვეღარ მოხერხდა. წლის ბოლოს ევლოევმა ოპერაცია გაიკეთა და ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება.

ილია თოფურიას MMA-ს 13-იდან 13 მოგებული ორთაბრძოლა აქვს. ბოლოს ქართველმა "მატადორმა" UFC-ში გასული წლის დეკემბერში, ტურნირ UFC 282-ში, ამერიკელ ბრაის მიტჩელთან იჩხუბა და გამარჯვება მეორე რაუნდში იზეიმა.  

მოვსარ ევლოევს შერეულ ორთაბრძოლებში 16 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც ყველა მოიგო. ინგუშმა ბოლოს  2022 წლის ივნისში, ტურნირ UFC Fight Night 207-ში დენ იგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები