Thumbnail
  • ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა
  • რა შანსი აქვს ნაპოლის ქართველ შემტევს, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 

ხვიჩა კვარაცხელიას MARCA-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა. ესპანური გამოცემა მკითხველს უამბობს, როგორ მოვიდა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის 22 წლის გარემარბი ამჟამინდელ დონემდე და აანალიზებს მის შესაძლებლობებს, მიიჩნეოდეს თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელად. 

ჟორჟ ვეამ მილანში გამოსვლის დროს ოქროს ბურთი მოიგო

MARCA ცდილობს, პარალელები ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ისა და მილანის ყოფილ თავდამსხმელთან, ჟორჟ ვეასთან გაავლოს. ლიბერიელმა, რომელიც 1995 წელს მილანში გადავიდა, პირველსავე სეზონში სკუდეტო და "ოქროს ბურთი" მოიგო. 

"ლიბერიაში დაბადებული ფეხბურთელის შანსიც, გამხდარიყო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, მიზერული იყო. დღემდე სხვა არცერთ აფრიკელ ფეხბურთელს მიუღია "ოქროს ბურთი". ლიბერიელი ჩავიდა იტალიაში, რათა მილანის ლეგენდარული ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი შეეცვალა. ხვიჩას იტალიის სამხრეთში ჩასვლის მიზანი ნეაპოლელებისთვის მარცხენა ფრთის შემტევის, ინსინიეს დავიწყება იყო. გარკვეულწილად, ვეას და კვარაცხელიას თავგადასავალი ერთმანეთს ჰგავს - ორივემ პირველსავე სეზონში დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში (ნაპოლის ტიტულის გაფორმებამდე სულ რამდენიმე ტური აშორებს)".

და რა შანსი აქვს ნაპოლის ქართველ შემტევს, მოიგოს "ოქროს ბურთი"? გამოცემამ კვარაცხელიას შესახებ აზრი სხვადასხვა რესპონდენტს სთხოვა, მათ შორის, ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილს. 

მამარდაშვილი კვარაცხელიას შესაძლებობებს კარგად იცნობს

"კვარაცხელია ჩემი უახლოესი ბავშვობი მეგობარია, ყოველთვის ერთად ვიყავით. ის ფეხბურთზეა შეყვარებული და მისით ცოცხლობს. ამასთან, ის ძალიან კარგი და მშვიდი ადამიანია. თუკი ამ დონეს შეინარჩუნებს, დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს "ოქროს ბურთის" მოგებასაც. მას აქვს ყველა თვისება საიმისოდ, რათა ფეხბურთში დიდ წარმატებას მიაღწიოს", - ამბობს საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარე გამოცემასთან. 

MARCA აქვეყნებს ნაპოლის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის სიტყვებსაც: "უახლოეს წლებში კვარაცხელია გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი".

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის ისტორიას წერენ

"ნაპოლი თავის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში. ჟორჟ ვეას მილანი უეფას თასის გათამაშებიდან სწორედ ამ ეტაპიდან გავარდა. კვარაცხელიას გზაზე პირველი დაბრკოლება კი სწორედ მილანია, რომელიც უნდა გადალახოს. თითქოს მას მარადონამ ანდერძად დაუბარა: "გადალახე დაბრკოლებები ისე, როგორც თავის დროზე ეს მე გავაკეთე". ქართველი მზადაა", - ასე ასრულებს MARCA ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას.  

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში შარშან ზაფხულს, დინამო ბათუმიდან გადავიდა და სწრაფად იქცა არამხოლოდ იტალიური, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად. 22 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები