Thumbnail

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტორინოსთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სერია A-ს ლიდერები 27-ე ტურის შეხვედრას 19 მარტს სტუმრად ტურინში ჩაატარებენ, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნება.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა მედიის წინაშე გამოსვლისას 22 წლის ქართველი შემტევი საინტერესო კონტექსტში ახსენა. სპალეტი თავისი გუნდის პოლონელი ნახევარმცველის, პიოტრ ჟელინსკის შესახებ საუბრობდა და მაგალითად ხვიჩა მოუყვანა.

ხვიჩა სპალეტის გუნდში გასული წლის ზაფხულში მივიდა

"ზოგჯერ საჭიროა, რომ კისრის ძარღვი დაგებეროს, როგორც ეს კვარაცხელიას ჰქონდა გოლის გატანის დროს, როდესაც ყველა მოატყუა (იგულისხმა ატალანტასთან მატჩი, რომელშიც ხვიჩამ ბრწყინვალე გოლი შეაგდო). როდესაც ის ჩვენთან მოვიდა, მას ეს ძარღვი არ ეტყობოდა, ახლა კი ეტყობა და მე ასე უფრო მომწონს", - აქვეყნებს სპეციალისტის სიტყვებს იტალიური მედია.

ნაპოლის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 68 ქულით ლიდერობს და 18 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ მილანის ინტერს. რაც შეეხება სპალეტის გუნდის მომავალ მეტოქეს, ივან იურიჩის გაწვრთნილი ტორინო 37 ქულით ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.  

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში შარშან ზაფხულს, დინამო ბათუმიდან გადავიდა და სწრაფად იქცა არამხოლოდ იტალიური, მთლიანად ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად. 22 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები