Thumbnail
  • იტალიური და ფრანგული მედია კვარაცხელიას მიმართ პსჟ-ის ინტერესზე წერს
  • პარიზულმა კლუბმა 22 წლის ქართველში შესაძლოა 180 მილიონი გადაიხადოს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს - შესაძლოა, პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას გამო "გაგიჟდეს" და მის ხელში ჩასაგდებად 180 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

ცნობისთვის, მსოფლიო ფეხბურთში უძვირფასეს ტრანსფერად ამ დრომდე რჩება 2017 წელს, 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში ნეიმარის გადასვლა. მეორე ადგილზე კი იმავე პსჟ-ში მონაკოდან 2018 წელს განხორციელებული კილიან მბაპეს 180-მილიონიანი გარიგებაა.

საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევზე უკვე აღარაფერი გვიკვირს

"ფრანგული პორტალის თანახმად, შესაძლოა პარი სენ-ჟერმენმა ქართველი სატრანსფერო სამიზნედ გაიხადოს, ხოლო იმისთვის, რათა ნაპოლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ფრანგულ კლუბს წარმოუდგენლად დიდი თანხის - 180 მილიონი ევროს გადახდა მოუხდეს.

ასეთი გარიგების შემთხვევაში, ნეაპოლის კლუბი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ტრანსფერის შემოქმედი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ კვარაცხელია ნაპოლიში ერთი წლის წინ დაახლოებით 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 

ქართველი ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც ამ სეზონში უკვე მიითვალა 13 გოლი და 15 საგოლე პასი, ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენენ", - წერს Corriere Dello Sport

"რამდენადაც ნეიმარისა და ლიონელ მესის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, არ არის გამორიცხული, პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩაგდებისთვის იბრძოლოს. ეკრემ კონურის (ტრანსფერების საერთაშორისო ექსპერტი) ცნობით, პარიზული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია 22 წლის ქართველით", - წერს ფრანგული Le10sport.

ხვიჩამ ნაპოლის სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ უნდა მოაგებინოს

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში შარშან ზაფხულს, დინამო ბათუმიდან გადავიდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევით, რომელიც სწრაფად იქცა არამხოლოდ იტალიური, მთლიანად ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად, არაერთი გრანდია დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები