Thumbnail
  • 📅 19 მარტი | 🏟 კამპ ნოუ | ⌚ 23:55 | ⚽ ბარსელონა V რეალი
  • პირველი კლასიკო ჩავისთვის მწვრთნელის რანგში 'კამპ ნოუზე'
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

რიგით 253-ე "ელ კლასიკო" (186-ე ლა ლიგაში) "სამეფო კლუბისთვის" ბოლო შანსია, ტიტულისთვის ბრძოლას მოეჭიდოს. სეზონის დასრულებამდე 13 ტურით ადრე ჩავის ბარსელონა ანჩელოტის რეალს 9 ქულით უსწრებს და თუ ეს სხვაობა ამ უქმეებზე არ შემცირდა (თუ გაიზარდა, მით უმეტეს), მაშინ ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ყველაფერი ფაქტობრივად დამთავრებულია...

მარტის დასაწყისში ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით მორიგი კლასიკო ვიხილეთ, "სანტიგაო ბერნაბეუზე" ბარსამ მილიტაოს ავტოგოლით 1:0 მოიგო და ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. საპასუხო მატჩი "კამპ ნოუზე" 5 აპრილს გაიმართება, მანამდე კი სტადიონი ლა ლიგის ეგიდით კლასიკოს მასპინძლობს. პირველ წრეში ანჩელოტის გუნდმა ჩავის შეგირდებს 3:1 მოუგო ბენზემას, ვალვერდესა და როდრიგოს გოლების წყალობით. 

გავი ვარჯიშზე

ბარსელონას რიგებში ვარჯიში განაახლა პედრიმ, თუმცა მის თამაშს არ უნდა ველოდოთ, არ იქნება არც უსმან დემბელე. ჩავისთვის ეს სადებიუტო კლასიკოა "კამპ ნოუზე" ბარსელონას მწვრთნელის რანგში. ანჩელოტის გუნდში კვლავ საეჭვოა ქარიმ ბენზემას თამაში, დიდი ალბათობით, არ იქნება დავიდ ალაბა. 

ჩავი ერნანდესი (ბარსელონას მწვრთნელი): "ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, შეგვიძლია წინ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ თამაში, ვიდრე ეს სათასო მატჩში იყო. რეალს და კარლო ანჩელოტის დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მოგებას შევეცდებით. პედრის გარეშეც კარგად ვთამაშობთ, სულ ერთი მატჩი იყო, რომელშიც არ ვდომინირებდით. კლასიკოები ჩემთვის დიდი მოტივაციაა". 

კარლო ანჩელოტიმ ბარსა ლომს შეადარა

კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ვინისიუსი საუკეთესო შემტევია მსოფლიოში, ხოლო მილიტაო - საუკეთესო მცველი. გულახდილად გეუბნებით, მაგალითად, მილიტაო უნაკლო ფეხბურთელია, მხოლოდ, ხანდახან 100%-იანი კონცენტრაცია უჭირს, კიდევ ერთი ნაკლი ისაა, რომ არცისე სიმპატიურია. 
22 იანვრიდან მოყოლებული, გუნდი კარგად თამაშობს. ვფიქრობ, კლასიკოზეც კარგად ვითამაშებთ. ბარსას ვაფასებთ, მას ვუყურებთ, როგორც ლომს და არა კატას. დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ". 

საინტერესო ფაქტები

🟠 "ელ კლასიკო" ოფიციალურად 252-ჯერ გაიმართა, რეალმა 101 მატჩი მოიგო, ბარსელონამ - 99, 52 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 

🟠 მხოლოდ ლა ლიგაში 185 "ელ კლასიკო" ვიხილეთ, რეალმა 77 მოიგო, ბარსამ - 73. 

🟠 თუ რეალი ორ გოლს გაიტანს, ლა ლიგის ისტორიაში "ელ კლასიკოში" 300-გოლიან ნიშნულს მიაღწევს, ბარსას ამისთვის 4 გოლის გატანა სჭირდება. 

🟠 ბოლო 19 კლასიკოდან "კამპ ნოუზე" 16-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

🟠 ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო.

🟠 ლა ლიგის ბოლო 11 თამაშიდან 9-ში ბარსელონას მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

🟠 ბარსელონა თამაშზე სპეციალური, ROSALíA El Clásico მაისურებით გამოვა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი - არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე - კესიე, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - გავი - რაფინია, ლევანდოვსკი 
ტრავმა: დემბელე, პედრი

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, რიუდიგერი, ნაჩო - კროოსი, ჩუამენი, კამავინგა - ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი 
ტრავმა: ალაბა.

კომენტარები

ბოლო ამბები