- გიორგი კვესელაძისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია
- მისი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ფორმაში შესვლა იქნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ინგლისური გლოსტერის შუამარბმა გიორგი კვესელაძემ ოპერაცია გაიკეთა და მისთვის საკლუბო სეზონი ნაადრევად დასრულდა.
კვესელაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთთან მოგებულ (31:7) მატჩში მინდორზე 70 წუთი გაატარა, თუმცა, ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ტრავმა სერიოზული გამოდგა.
კვესელაძეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან განცხადება გაავრცელა:
“ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო! ბოლო თამაშზე მიღებული ტრამვის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ჩემთვის გლოსტერის 2023 წლის სეზონი დასრულდა, რასაც განვიცდი, მაგრამ შემართება საკმარისზე მეტი მაქვს. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდ სტრესთან ერთად, დიდი გამოწვევაც არის. ახლა ორმაგად ვარ მოტივირებული მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებების მონაწილე გავხდე! მე დავბრუნდები - უფრო ძლიერი და მოტივირებული – ჩემი გუნდისთვის!”.
კვესელაძის შესახებ ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმაც:
“სამწუხაროდ, კვესელაძის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მას 8-იდან 12 კვირამდე გაუცდება და ფაქტობრივად სეზონი დაასრულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლა მთავარია რეაბილიტაციის პროცესი კარგად წარიმართოს, რათა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს მზადყოფნაში შეხვდეს“.
როგორც აღნიშნული კომენტარებიდან სჩანს, ახლა, მთავარი მიზანი ისაა, რომ გიორგი კვესელაძე სრულ მზადყოფნაში შეხვდეს 2023 წლის მსოფლიო თასს, რომელიც 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთშია დაგეგმილი.
კომენტარები