Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდმა ბოლო ორ თამაშში 8 გოლი გაიტანა
  • ესპანელმა სპეციალისტმა ნორვეგიელი ისევ შეცვალა და ხუმრობის ხასიათზე იყო

ერლინგ ჰაალანდი საოცარ ფორმაშია - ის გოლების ნამდვილი მანქანაა!

22 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა მანჩესტერ სიტიში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა: ჯერ ლაიპციგი დაამწუხრა 5-ჯერ, მერე ბარნლი - სამჯერ. ეს ყველაფერი ჰაალანდმა ისე გააკეთა, რომ მოედანზე ჯამში საათზე ოდნავ მეტი დრო გაატარა.

როდესაც ნორვეგიელმა ლაიპციგს 5 გოლი გაუტანა, პეპ გვარდიოლამ ის შეცვალა. როდესაც ჰკითხეს, ეს რატომ გააკეთა, უპასუხა, რომ არ სურდა ერლინგს ლიონელ მესის რეკორდი მოეხსნა. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5-ზე მეტი გოლი არავის აქვს გატანილი, 5-5 გოლი კი, მხოლოდ მესის, ჰაალანდსა და ლუის ადრიანოს უგროვდებათ.

ახლა, როდესაც ინგლისის FA თასის მეოთხედფინალში სიტიმ ბარნლი 6:0 გააცამტვერა, ხოლო ჰაალანდმა 3 გოლით გამოიჩინა თავი, პეპმა ისევ შეცვალა, სულ რაღაც 63-ე წუთზე. მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ამ გადაწყვეტილებაზე კვლავ ისაუბრა და ხუმრობით თქვა, რომ მიზეზი იგივე იყო, რომ ჰაალანდს მესის რეკორდი არ მოეხსნა...

"არ ვიცი, რამდენ გოლს გაიტანს, მაგრამ ვიცი, რომ ამ ბიჭს მომავალში პრობლემა ექნება. ხალხი ყოველ თამაშში ელის, რომ ის 3-4 გოლს გაიტანს, არადა, ხომ ვიცით, რომ ეს ვერ მოხდება. ვიცი, რომ ის ძალიან ოპტიმისტია, არასოდეს წუწუნებს და ყოველთვის საკუთარ თავს უყურებს, რაც ძალიან ეხმარება. მან ოთხ დღეში 8 გოლი გაიტანა, მე კი ბარსელონაში 11 წელი ვითამაშე და 11 გოლი გავიტანე. წარმოუდგენელია! იმიტომ შევცვალე, რომ არ მინდოდა ინგლისის ასოციაციის თასზე მესის რეკორდი მოეხსნა", - აღნიშნა გვარდიოლამ და დამსწრეთა სიცილი გამოიწვია, რადგანაც არგენტინელს აღნიშნულ ტურნირზე არასდროს უთამაშია.

ერლინგ ჰაალანდს მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს: 37 მატჩი და 42 გოლი. სულ მალე ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, 28 მარტს, ბათუმში.

კომენტარები

ბოლო ამბები