Thumbnail

რაგბი | 19 წლის ქართველი ტალანტი კარიერას TOP 14-ის კლუბში გააგრძელებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუკა ხორბალაძე ლიონელთა ესპუარებში ჩაირიცხა
  • მისი გადაბირება ტულონსა და მონპელიესაც სურდათ

19 წლის ქართველი მორაგბე ლუკა ხორბალაძე კარიერას საფრანგეთის TOP 14-ის კლუბ ლიონში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას All rugby ავრცელებს.

ასაკიდან გამომდინარე, ქართველი უკანახაზელი (მას თამაში ფრთაზეც შეუძლია და ფულბეკადაც) ლიონელთა ესპუარებში (სარეზერვო შემადგენლობა) ჩაირიცხება და ძირითად გუნდში დამკვიდრებას იქიდან ეცდება.

ცნობისთვის, ხორბალაძემ ბოლო ნახევარ წელში საგრძნობი პროგრესი განიცადა. გასული წლის ოქტომბერში ლუკა ახალგაზრდული ევროპირველობის გამარჯვებული გახდა და თანაც ყველა მატჩში ლელო გაჰქონდა.

აღნიშნულის შემდეგ ხორბალაძე პირველ ქართულ ფრენჩიზა შავ ლომში გამოიძახეს, მცირე ხნის წინ კი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთთან მატჩისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.

ირკვევა, რომ ლიონის გარდა, ქართველი ტალანტის გადაბირებას ტულონი და მონპელიეც ცდილობდნენ. მოსალოდნელია, რომ ხორბალაძე საფრანგეთის ჩემპიონატში ახალგაზრდული მსოფლიო თასის შემდეგ გადაბარგდება, რომელიც 24 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები