Thumbnail

გოლი, პასი, პენალტი - კვარაცხელია ნაკრებში მაგარი თამაშით მოდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ტორინო ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენისა და ნაპოლის მორიგი მსხვერპლია.

არაფერი ახალი, არაფერი უჩვეულო: ნაპოლი დაუნდობელია, ყველგან და ყველას წინააღმდეგ. სერია A-ს 27-ე ტურში ლიდერი ტორინოს ესტუმრა და 4:0 გაანადგურა.

კლასში სხვაობა დიდი იყო. ლუჩანო სპალეტის გუნდი სწრაფად, მე-9 წუთზე დაწინაურდა: თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა. ეს ერთადერთი გოლია, რომელშიც კვარა არ მონაწილეობდა. მერე ხვიჩამ ყველაფერი მოასწრო: 35-ე წუთზე ქართველმა ვარსკვლავმა პენალტი მოიპოვა (სეზონში მე-4), რომელიც თვითონ დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ნიგერიელმა მატიას ოლივერას ჩაწოდების შემდეგ თავით დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ საგოლე კომბინაციაში დიდი წვლილი კვარას მიუძღვის, რომელმაც ოლივერას ფლანგზე ბურთი ქუსლით გაკეთებული ეფექტური პასით გაატანა. 68-ე წუთზე კვარაცხელიამ მონაგარი საგოლე პასითაც გაზარდა, როდესაც ტანგი ნდომბელე მეკარეს შეატოვა, ფრანგმა კი ანგარიში 4:0 გახადა.

კვარამ 90 წუთი ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში მხოლოდ სერია A-ში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 12 გოლით, 10 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ის სერია A-ში ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა ვიქტორ ოსიმენისა (21 გოლი) და ლაუტარო მარტინესის (14) შემდეგ, ხოლო საგოლე პასებით სულაც ლიდერია. ჩემპიონთა ლიგასაც თუ დავუმატებთ, ცხადია, სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავია: 30 მატჩი, 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი.

ნაპოლი სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან ლაციოს 19 (!) ქულით უსწრებს და წარმოუდგენელია, ასეთი უპირატესობა გაანიავოს. მომდევნო ტურში, 2 აპრილს, "აძური" მილანს უმასპინძლებს და ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების წინ გენერალური რეპეტიცია.

ხვიჩას თამაშით ტკბობა კი ქართველ ქომაგს ახლა საქართველოს ნაკრებში შეეძლება, რომელსაც ის სულ მალე შეუერთდება. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს შეხვდება, ხოლო 28 მარტს, ნორვეგიასთან შეხვედრით ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს.

კვარა-ოსის ტანდემი არ ჩერდება

საინტერესო ფაქტები

🟠 ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში სერია A-ს ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გოლებით და პასებით ორნიშნა ციფრებს მიაღწია (12 გოლი, 10 საგოლე პასი).

🟠 კვარაცხელია 2006/07 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში TOP 5 ლიგაში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს მსგავსი შედეგი დიეგოს ჰქონდა ბრემენის ვერდერში (13 გოლი, 13 საგოლე პასი).

🟠 ვიქტორ ოსიმენი პირველი ფეხბურთელია 2009/10 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც თავით დუბლი შეასრულა. მანამდე ეს ალბერტო ჯილარდინომ გააკეთა.

ტორინო 0:4 ნაპოლი

გოლები: 0:1 ოსიმენი (9), 0:2 კვარაცხელია (35. პენ), 0:3 ოსიმენი (51), 0:4 ნდომბელე (68).

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი (72. ოსტიგორი), კიმი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა (85. გაეტანო), ჟელინსკი (65. ნდომბელე) - ლოსანო (65. ელმასი), ოსიმენი (72. სიმეონე), კვარაცხელია.

კომენტარები

ბოლო ამბები