- ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის გამოეხმაურება ტორინოსთან მატჩის შემდეგ
- გოლი, პასი, პენალტი - კვარაცხელია ნაკრებში მაგარი მატჩით მოდის
- 'ოსიმენი ორთავიანი დრაკონია' - რა თქვა სპალეტიმ ტორინოსთან მატჩზე
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად ტორინო 4:0 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერთამაში ჰქონდა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი მოასწრო: გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი.
რასაკვირველია, მან იტალიური მედიისგან ისევ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. აი, რას წერენ ტურინულ გუნდთან 22 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშზე:
Calcionapoli1926 – 8 ქულა: "თავისი თამაშით შოუს აწყობს. გამოიმუშავა პენალტი და ცივსისხლიანად გაიტანა, შემდეგ საგოლე პასიც გააკეთა. ბურთით თავს თავისუფლად გრძნობს და მეტოქეებს აბრუებს".
Sport.virgilio – 7.5 ქულა: "მატჩის სტარტზე პოზიციის პოვნა გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ პენალტი მოიპოვა და გაბრაზებულმა გოლად აქცია. ოლივერაზე ქუსლით პასი ბრწყინვალეა მესამე გოლის მომენტში, ასევე შოკოლადივით პასი გაუკეთა ნდომბელეს".
Calciomercato.it – 8.5 ქულა: "ჩვეული მოქმედებები, რომელსაც გრავილონი ვერ უმკლავდება. თამაშისთვის არაფერი დაუკლია: პენალტი მოიპოვა, გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მაღალ შეფასებას იმსახურებს".

Tuttonapoli – 7.5 ქულა: "მისი შეჩერება შეუძლებელია, მხოლოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედი გქონდეს, რომ მისი დღე არ იქნება" - ამბობდა მატჩამდე ტორინოს მწვრთნელი იურიჩი... ქართველი, ტურინში მართლაც იმას აკეთებდა, რაც სურდა. მოიპოვა პენალტი, რომელიც ამჯერად გაიტანა, შემდეგ ოლივერას ქუსლით პასი გაუკეთა და ნდომბელე კარის წინ დატოვა".
Tuttomercatoweb – 7.5 ქულა: "ბევრი სივრცე არ აქვს, რადგან მუდმივად ორი მეტოქე ეთამაშება, ამიტომ, ყველაფერს თვითონ იგონებს, სუფთა ფანტაზიიდან გამომდინარე. ოსიმენის გოლამდე ოლივერაზე ქუსლით პასი ოსტატურია, ასევე მოიპოვა პენალტი და გაიტანა, ნდომბელეს კი საგოლე პასი გაუკეთა.
Sportmediaset – 7.5 ქულა: "ოსიმენთან ერთად ქმნის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე შეუჩერებელ ტანდემს. მოიპოვა და გაიტანა პენალტი, მესამე გოლისას პასი ქუსლით გააკეთა, ბოლოს ნდომბელეს საგოლე გადაცემა მისცა. აბსოლუტურად დომინანტი".
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში მხოლოდ სერია A-ში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 12 გოლით, 10 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ის სერია A-ში ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა ვიქტორ ოსიმენისა (21 გოლი) და ლაუტარო მარტინესის (14) შემდეგ, ხოლო საგოლე პასებით სულაც ლიდერია. ჩემპიონთა ლიგასაც თუ დავუმატებთ, ცხადია, სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავია: 30 მატჩი, 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი.
ნაპოლი სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან ლაციოს 19 (!) ქულით უსწრებს და წარმოუდგენელია, ასეთი უპირატესობა გაანიავოს. მომდევნო ტურში, 2 აპრილს, "აძური" მილანს უმასპინძლებს და ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების წინ გენერალური რეპეტიცია.
ხვიჩას თამაშით ტკბობა კი ქართველ ქომაგს ახლა საქართველოს ნაკრებში შეეძლება, რომელსაც ის სულ მალე შეუერთდება. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს შეხვდება, ხოლო 28 მარტს, ნორვეგიასთან შეხვედრით ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს.
კომენტარები