- ნაპოლის მწვრთნელმა მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებაზე ისაუბრა
- გოლი, პასი, პენალტი - კვარაცხელია ნაკრებში მაგარი მატჩით მოდის
- 'თამაშით შოუს აწყობს' - რას წერენ კვარაცხელიაზე ტორინოსთან მატჩის შემდეგ
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად ტორინო 4:0 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერთამაში ჰქონდა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი მოასწრო: გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი.
მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა. მან თავისი შეგირდები შეაქო, ვიქტორ ოსიმენს კი ორთავიანი დრაკონი უწოდა:
"ჩემი ფეხბურთელები ყოველდღიურად აჩვენებენ, რომ ესმით და გრძნობენ ამ მაისურის ტარების მნიშვნელობას. მყავს ბიჭები, რომლებიც ყოველთვის განიცდიან გამარჯვების შიმშილს. კარგად ვითამაშეთ ძლიერ მეტოქესთან, ისევე, როგორც ატალანტასთან, იგივე თვისებების გუნდთან. მეშინოდა ყურადღების გაფანტვის, რადგან სანაკრებო პაუზის წინ ბოლო თამაში იყო, სამაგიეროდ კი ჩემი გუნდის რეაქცია მომაკვდინებელი იყო. მესამე გოლი ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ მხოლოდ კვარას ქუსლით პასი არ იყო ამ შეტევაში, მინდა სხვებიც გამოვარჩიო: მანამდე დი ლორენცომ არამიწიერი ფეხბურთელივით ითამაშა, მან შექმნა სივრცე შეტევის დასაწყებად, მერე კვარა დაელოდა ოლივერას, რომელმაც იდეალურად ჩააწოდა და ბურთს იქ დახვდა დრაკონი (ოსიმენი - რედ), რომელსაც ვიცით, რომ საჯარიმოში ორი თავი აქვს. ის ნამდვილად ორთავიანი დრაკონია", - თქვა სპალეტიმ.
"აძურის" მთავარმა მწვრთნელმა ასევე გააკეთა კომენტარი ჯოვანი დი ლორენცოს საქციელზე, რომელიც პენალტის შესრულებამდე ხვიჩა კვარაცხელიას ამშვიდებდა: დი ლორენცოს ძლიერი ხასიათი აქვს, შესანიშნავი პიროვნებაა. ის, ოსიმენი, კიმი, რაჰმანი ლიდერები ხდებიან. ეს მოთამაშეები ახერხებენ გუნდში სიმშვიდე დანერგონ".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში მხოლოდ სერია A-ში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 12 გოლით, 10 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ის სერია A-ში ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა ვიქტორ ოსიმენისა (21 გოლი) და ლაუტარო მარტინესის (14) შემდეგ, ხოლო საგოლე პასებით სულაც ლიდერია. ჩემპიონთა ლიგასაც თუ დავუმატებთ, ცხადია, სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავია: 30 მატჩი, 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი.
ნაპოლი სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან ლაციოს 19 (!) ქულით უსწრებს და წარმოუდგენელია, ასეთი უპირატესობა გაანიავოს. მომდევნო ტურში, 2 აპრილს, "აძური" მილანს უმასპინძლებს და ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების წინ გენერალური რეპეტიცია.
ხვიჩას თამაშით ტკბობა კი ქართველ ქომაგს ახლა საქართველოს ნაკრებში შეეძლება, რომელსაც ის სულ მალე შეუერთდება. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს შეხვდება, ხოლო 28 მარტს, ნორვეგიასთან შეხვედრით ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს.
კომენტარები