Thumbnail
  • ნიკა კვეკვესკირმა ბოლო 1 კვირაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა
  • ავსტრიაში 10 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა

ნიკა კვეკვესკირი სანაკრებო შეკრებას შესანიშნავ ფორმაში ხვდება - ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ცალსახად ამაზე მეტყველებს.

ბოლო 7 დღესა და 3 მატჩში ნიკამ 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. პოლონეთის ეკსტრაკლასას 25-ე ტურში ლეხმა სტუმრად ლოძის ვიძევი 2:1 დაამარცხა. ნიკა მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, 73-ე წუთზე კი მისი გამოზომილი გადაცემის შემდეგ ფილიპ მარჩვინსკიმ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).

მოგეხსენებათ, კვეკვემ პოლონეთის ჩემპიონატის წინა ტურში გოლი გაიტანა, შემდეგ კონფერენსლიგაზე გოლი და საგოლე პასიც მიითვალა, ახლა კი, ისევ შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მას 39 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

არ უთამაშია გიორგი წიტაიშვილს, რომელიც განაცხადში არ იყო. ლეხი 43 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 აპრილს, პოგონს უმასპინძლებს.


დღესვე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ტიროლის წინააღმდეგ 77-ე წუთიდან ითამაშა. შტურმმა ეს შეხვედრა 2:0 მოიგო. ქართველი ნახევარმცველისთვის ეს იყო პირველი თამაში 10 თებერვლის შემდეგ. ის ვილი სანიოლს მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობაში არ გამოუძახებია. სავარაუდოდ, ოთარი შორსაა ოპტიმალური ფორმისგან.

კომენტარები

ბოლო ამბები