Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება კიდევ ერთხელ მოახერხა. ბორჯღალოსნების მორიგი ტრიუმფი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგა, სადაც ახლებური ფორმატით ჩატარებული ტურნირის ფინალი შედგა.

მეტოქე პორტუგალია იყო და მართალია, ქართველ მორაგბეებს მძიმე სტარტი გამოუვიდათ, საბოლოოდ,  38:11 იმარჯვეს. საინტერესოა, რომ თამაშის პირველი ტაიმი 12:11 მორჩა, შესვენების შემდეგ კი, მეტოქეს შანსი აღარ ჰქონია და ბორჯღალოსნებმა ტურნირის ისტორიაში საიუბილეო მე-100 გამარჯვება იზეიმეს.

მატჩის პირველი შედეგიანი შეტევა პორტუგალიელების იყო. მათ ჩვენს ოცდაორში ჯარიმა ერგოთ, ბურთი სწრაფად გაითამაშეს და ვინაიდან ფლანგზე მეტობა შეიქმნა, ტუმაშ ეპლთონმა დამიწება მოახერხა. საქართველოს ნაკრების პასუხმა არ დააყოვნა: მრავალფაზიანი იერიშისას მარჯვენა ფლანგზე სივრცე აკაკი ტაბუცაძეს მიეცა და როგორც წესი, ის ასეთ მომენტებს კარგად იყენებს ხოლმე. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნები პირველად დაწინაურდნენ – 7:5.

აკაკი ტაბუცაძეს ეროვნულ ნაკრებში 27 ლელო მოუგროვდა

მატჩის 25-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა უპირატესობა განიმტკიცეს, დუბლი კი ტაბუცაძემ შეასრულა. თედო აბჟანდაძის ჩინებული დარტყმის შემდეგ, ქართველ მორაგბეებს დერეფანი ერგოთ, კარგი მოლი ააგორეს, ცარიელ სივრცეში შესულ ტაბუცაძეს კი ბურთის დამიწება არ გასჭირვებია. ცნობისთვის, ეს აკაკისთვის 27-ე სანაკრებო ლელო იყო და ის ბორჯღალოსნების რეკორდსმენ მამუკა გორგოძეს გაუტოლდა.

მატჩის მთავარი არბიტრი ლუდოვიკ კეირი მაქსიმალურად ცდილობდა, პორტუგალია თამაშში დარჩენილიყო და საქართველოს ყველა საეჭვო ეპიზოდში აჯარიმებდა, ამას გარდა კი, გამოგონილი უხეშობა დააბრალა ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს და 10 წუთით გაასინბინა. ლობუშმა საჩუქრები კარგად შეირგო და სიმაუ ბენტუმ 2 ჯარიმა გაიტანა. შედეგად, საქართველოს მინიმალური უპირატესობა შერჩა – 12:11.

დავით ნინიაშვილი ტრადიციულად აქტიური იყო

მე-2 ტაიმის სტარტზე რეფერიმ საქართველოს ნაკრებს ლელო არ ჩაუთვალა, როდესაც ტაბუცაძეს ბურთის წინ ვარდნა დააბრალა, არადა, ბურთი უკან გადავარდა და ნინიაშვილის შეტევა სრულიად ლეგალური გახლდათ. სამაგიეროდ, იქვე მეტოქემ ბორჯღალოსნების მოლი ვერ შეაჩერა და ლელო შალვა მამუკაშვილმა დადო – 17:11.

ამასობაში, ფრანგი მსაჯი ისევ საეჭვო ქმედებებს აგრძელებდა, რაც ქართველი მორაგბეების ნერვებზეც მოქმედებდა. ამან გუნდებს შორის მცირე წანკინკლავება გამოიწვია და რეფერიმ ყვითელი ბარათები ვასილ ლობჟანიძესა და ტუმაშ ეპლთონს უჩვენა.

ბორჯღალოსნებმა უპირატესობა 63-ე წუთზე გაზარდეს და ამ შემთხვევაშიც მოლით ვიხეირეთ, ბურთი კი ბოლოს გურამ პაპიძეს ეჭირა. აბჟანდაძემ გარდასახვაც გაიტანა და ტაბლოზე 22:11 დაფიქსირდა.
ეს იყო და პორტუგალია გატყდა, რასაც ბორჯღალოსნების კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა მოჰყვა. ლელო ძალიან ლამაზი გამოვიდა. ბურთი ხელდახელ სწრაფად ჩათამაშდა და ტაბუცაძის ბოლო პასის შემდეგ, ლელო დემურ თაფლაძემ დადო, გარდასახვა კი შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ გაიტანა – 31:11.

თამაშის ბოლომდე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი კარგი მოლი ჰქონდა და ლელო გიორგი ჭყოიძემაც მიითვალა, მატკავას გარდასახვის შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 38:11.
ამგვარად, ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ექვს გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 16 ტურნირიდან კი 14 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში უკვე 14-ჯერ აქვს დასრულებული. 

ერთი საინტერესო დეტალიც. 2018 წლიდან მოყოლებული ბორჯღალოსნებს 28 მატჩი ჰქონდათ დაუმარცხებლად ჩატარებული (27 მოგება, 1 ფრე), დღევანდელი წარმატების შემდეგ კი, ეს ციფრი 29-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

საქართველო 38:11 პორტუგალია

საქართველო: 6 ლელო – ტაბუცაძე (2), მამუკაშვილი, პაპიძე, თაფლაძე, ჭყოიძე. 4 გარდასახვა – აბჟანდაძე (2), მატკავა (2). სინბინი – შარიქაძე, ლობჟანიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები