Thumbnail

გუნდი, რომელიც არასდროს კვდება - იტალიის დერბი იუვენტუსმა მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი 0:1 იუვენტუსი | გოლი: 0:1 კოსტიჩი (23)
  • ინტერი ნაპოლის კიდევ უფრო ჩამორჩა, იუვე ევროზონას უახლოვდება

წლების წინ ჯოვანი ტრაპატონიმ თქვა: "დრაკონი იუვენტუსი არასდროს კვდება". და, ზუსტად ასეა. სერია A-ს 27-ე ტურში, "იტალიის დიდ დერბიში" იუვემ ისე ითამაშა და იბრძოლა, ლეგენდარული ტრაპის სიტყვები ყველაზე უკეთ შეეფერება.

ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი. მასიმილიანო ალეგრის გუნდს მიმდინარე სეზონში არაერთი ქარიშხალი გადახდა თავს, -15 ქულა, დღემდე მიმდინარე სასამართლო პროცესები, გადავსებული ლაზარეთი, სპორტული ფიასკოები, მაგრამ იუვე არასდროს კვდება. პრობლემა ინტერთან მატჩისწინაც ბევრი იყო: ისევ ლაზარეთშია პოლ პოგბა, მის გარდა, იქ არიან არადიუშ მილიკი და ალექს სანდრო, ხოლო ანხელ დი მარია და ფედერიკო კიეზა თადარიგში იყვნენ, მაგრამ შორს სასურველი კონდიციისგან. ამიტომაც იყო, ალეგრის უპრინციპულეს მატჩში 19 წლის მატიას სულეს ნდობა რომ მოუწია.

პრობლემები ინტერსაც ჰქონდა: ალესანდრო ბასტონის, რობინ გოზენსისა და მილან შკრინიარის ტრავმები. მთელი მატჩი ბრძოლა იყო, იუვე უფრო გააზრებულად ირჯებოდა, შეტევაშიც და დაცვაშიც მაგრად იდგა. ინტერს დასაწყისში ჰქონდა ორი რეალური მომენტი, ორჯერვე ნიკოლო ბარელას დარტყმა ვოიცეხ შჩესნიმ მოიგერია, მაგრამ სულ ეს იყო. მერე თამაში ისე წავიდა, რომ მილანელებმა საგოლე მომენტი საერთოდ ვერ შექმნეს.

გამარჯვების გოლი ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა

ტურინელებს კი გამარჯვება ფილიპ კოსტიჩმა მოაპოვებინა, რომელმაც დიაგონალური მაგარი დარტყმით გაიტანა. ისე, გოლი ცოტა საკამათო გამოვიდა, რამდენიმე წუთი VAR ამოწმებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ჩაითვალა. ეჭვები იყო შეტევის დასაწყისში ჯერ ადრიენ რაბიოსა და მერე დუშან ვლაჰოვიჩის მხრიდან ხელით თამაშზე. როგორც ვთქვით, გოლი ჩაითვალა. მერე იუვენტუსმა თავი ძალიან მაგრად დაიცვა, აი, ისე, საუკეთესო წლებში რომ იცავდა, კომპაქტურად, დიდი მოტივაციით და გამარჯვებისადმი ლტოლვით.

საფინალო სასტვენს მოედანზე ჩხუბი მოჰყვა. რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთს დაუპირისპირდა, საბოლოოდ, ლეანდრო პარედესი და დანილო დ’ამბროზიო გააძევეს.

ამგვარად, ინტერი 50 ქულით მე-3 ადგილზე დაქვეითდა და ნაპოლის უკვე 21 ქულით ჩამორჩება. ლუჩანო სპალეტის გუნდს ახალი "მდევარი" ჰყავს - ლაციო, რომელსაც 19 ქულით უსწრებს. იუვენტუსი -15 ქულის მიუხედავად, ნელ-ნელა ევროზონას უახლოვდება, 41 ქულით მე-7 პოზიციაზეა, იქვეა ატალანტა, სულ რაღაც 4 ქულაში. და, რომ არა დაკლებული ქულები, ახლა, იუვე 56 ქულით მე-2 ადგილზე ძალიან მშვიდად იქნებოდა. ტურინელებს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ და 19 აპრილს გახდება ცნობილი, დაუბრუნებენ თუ არა, ზუსტად 2 თვის წინ ჩამოჭრილ 15 ქულას.

საინტერესო ფაქტები

🟠 ფილიპ კოსტიჩის გოლი მე-100 იყო, რომელიც სერია A-ში იუვემ სტუმრად ინტერს გაუტანა. უკეთესი შედეგი ამ კუთხით მხოლოდ მილანს აქვს (117).

🟠 იუვენტუსმა ინტერთან სერია A-ში ორივე თამაში გოლგაუშვებლად 1976/77 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო.

ინტერი 0:1 იუვენტუსი

გოლი: 0:1 კოსტიჩი (23)

ინტერი (3-5-2): ონანა - დარმიანი (79. კორეა), დე ვრაი, აჩერბი - დუმფრისი (83. ბელანოვა), ბარელა (63. მხითარიანი), ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, დიმარკო (63. დ’ამბროზიო) - ლუკაკუ (79. ჯეკო), ლაუტარო.

იუვენტუსი (3-5-1-1): შჩესნი - გატი, ბრემერი, დანილო - დე შილიო (75. კუადრადო), ფაჯოლი, ლოკატელი, რაბიო, კოსტიჩი - სულე (66. კიეზა, 83. პარედესი) - ვლაჰოვიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები