"ბორჯღალოსნებმა" ისევ მოიგეს ის, რასაც ბოლო დროს უკვე ერთი ამოსუნთქვით იგებენ და ახალს ვერაფერს ვიტყვით: ბოლოს და ბოლოს უნდა მიიღონ ის, რასაც დიდი ხანია, იმსახურებენ; ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში, ერლინგ ჰაალანდის ნორვეგიასთან წლის პირველი მნიშვნელოვანი მატჩის სათამაშოდ შესანიშნავ ფორმაში მოდის; რომან დოლიძე დამარცხდა; გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილზე დაკვირვებას აგრძელებს - მამუს შაბათს გამთენიისას მემფისთან 14 მოხსნა ჰქონდა...
რაგბი | ჩემპიონობა და წინსვლა რეიტინგში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება კიდევ ერთხელ მოახერხა. "ბორჯღალოსნების" მორიგი ტრიუმფი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგა, სადაც ახლებური ფორმატით ჩატარებული ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. აკაკი ტაბუცაძეს ეროვნულ ნაკრებში 27 ლელო მოუგროვდა და ამით მამუკა გორგოძეს გაუთანაბრდა. ამასთან, ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა და ეს ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა (აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს გვქონდა).
📋 | ყველა სიახლე და სტატია "ბორჯღალოსნებზე" ნახეთ აქ.
კვარა | ნაკრებში მაგარი თამაშით მოდის
არაფერი ახალი, არაფერი უჩვეულო: ნაპოლი, როგორც იტყვიან, ქვას ქვაზე არ ტოვებს. სერია A-ს 27-ე ტურში იტალიის ჩემპიონობისთვის გამზადებული გუნდი ტორინოს ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიას ისევ განსაკუთრებული მატჩინ ჰქონდა - პენალტი მოიპოვა, გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
📋 | კვარაცხელიას თამაშს მიმოხილვა და გამოხმაურება ნახეთ აქ.
MMA | დოლიძის მარცხი ვეტორისთან
ლონდონში გამართულ UFC 286-ის ღონისძიებაზე საშუალო წონის მეცხრეადგილოსანი რომან დოლიძე (12-1) რეიტინგის მეოთხე ნომერ მარვინ ვეტორის (18-6) დაუპირისპირდა და მსაჯების სადავო გადაწყვეტილებით დამარცხდა. "დიდი მადლობა თანადგომისთვის, დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ. მადლობა ყველას!" - დაწერა რომანმა ბრძოლის შემდეგ ინსტაგრამზე. აშკარაა, რომ ქართველი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
📋 | რომან დოლიძის ბრძოლა ნახეთ აქ.
NBA | მამუკელაშვილი სტაბილურად თამაშობს
სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში ბოლო დროს სტაბილურად თამაშობს და ბევრი დროც ეძლევა. სპურსს NBA-ში ბოლო 2 მატჩი ოვერტაიმში ჰქონდა წაგებული, ერთში კი საერთოდაც 29-ქულიანი უპირატესობა გაანიავა, ახლა კი, თავად ჩაიდინა მცირე გმირობა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი ამჯერად ატლანტას მასპინძლობდა და მე-3 მეოთხედში მეტოქეს 24 ქულით ჩამორჩა, თუმცა, მობილიზება მოახერხა და საბოლოოდ, 126:118 გაიმარჯვა. მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. აი, შაბათს, მემფისთან, მამუ 14 მოხსნით ორივე გუნდში საუკეთესო იყო!
📋 | ყველა სიახლე სანდრო მამუკელაშვილზე ნახეთ აქ.
გასვლითი შეხვედრა | მადრიდში, შერაზადიშვილთან
ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის, "გასვლითი შეხვედრის" 2023 წლის სეზონის ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად მადრიდში იმყოფებოდა, სადაც ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი გადავიღეთ. როგორია ესპანეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე ძალიან წარმატებული ქართველი სპორტსმენის ყოველდღიურობა მადრიდში? როგორ ცხოვრობს და როგორი საზოგადოების წევრია ძიუდოისტი, რომელმაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ მიაღწია იმდენს, რომ მადრიდთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში, ერთ-ერთი ქუჩა სწორედ მისი სახელობის გახდა.
ვფიქრობთ, შერაზადიშვილთან სტუმრობა ძალიან საინტერესო გამოვიდა და გვჯერა, რომ ვიდეოს ნახვისას ამაში თქვენც დარწმუნდებით. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
კომენტარები