Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პორტუგალიასთან მოგებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მორიგი ტრიუმფი მოსალოდნელი იყო. შარიქაძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ბადალი არ ჰყავს.

“აღარც კი მახსოვს ზედიზედ მერამდენედ გავხდით ჩემპიონები, ამასთან, ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვაც ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე, წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გავზარდეთ, განახლებულ მსოფლიო რეიტინგში კი მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღით ვიკავებდით.

საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდია და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გავხდით. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ხარისხიანი თამაშები ვაჩვენეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი და როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია. გულდასაწყვეტია, რომ ფინალი საქართველოში არ ჩატარდა, თუმცა ესპანეთშიც იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები და მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდა და ტურნირი ორგანიზატორებს არც დაუმალავთ, რომ მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრების ჰეგემონიის დამხობა იყო. განახლებული სისტემით, 8 ნაკრები ორ ჯგუფში გადანაწილდა, პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრნენ, ჩემპიონი კი ფინალმა გამოავლინა.

მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნებმა ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგეს, ფინალი მაინც სხვა ქვეყანაში, კერძოდ კი, ესპანეთში ჩაატარეს და პორტუგალიას 38:11 სძლიეს. ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ექვს გათამაშებაში იმარჯვა, უკანასკნელი 16 ტურნირიდან კი 14 აქვს მოგებული. სულ ბორჯღალოსნებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვთ დასრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები