Thumbnail

სანაკრებო პაუზის წინ WhoScored-მა TOP 5 ლიგებში ფეხბურთელთა რეიტინგები განაახლა. ხვიჩა კვარაცხელია კვლავ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია და TOP 5 ლიგებში ხუთეულშია. ტორინოსთან კარგი თამაში (გოლი+პასი) ხვიჩას ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებაში და მდევრებთან ჰანდიკაპის გაზრდაში დაეხმარა.

ვიკტორი პირველობისთვის იბრძვის, ხვიჩა ისევ წინაა

ხვიჩა კვარაცხელიამ სტუმრად ტორინოსთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში გოლი (პენალტი თავად მოიპოვა და გაიტანა) და საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო: 2-დან 1 ზუსტი დარტყმა; 2 მნიშვნელოვანი პასი; 86.5% პასების სიზუსტე; 1 მოგებული საჰაერო დუელი; 37 პასი. ერთია, ამჯერად, წარმატებული დრიბლინგი არ ჰქონია, რაც საკვირველია. 22 წლის ქართველმა, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი შეფასება მიიღო - 8.42. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ვიკტორ ოსიმენი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა - 9.23. 

ხვიჩა და ვიკტორი ისევ შეუჩერებლები არიან: კვარაცხელიას გოლი+პასი და ოსიმენის დუბლი ტორინოსთან

22 წლის კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში უკვე 12 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს. საამისოდ, მას 23 მატჩი ეყო. 

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგში ამ ტანდემს რეალურად სხვა კონკურენტი ნაკლებად ჰყავს. თუ ხვიჩას საშუალო შეფასება 3 მეასედი ქულით გაიზარდა, ვიკტორმა 7 მეასედით წაიწია წინ და ხვიჩასთან ჩამორჩენა შეამცირა. 

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.63 (+0.03)
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.59 (+0.07)
3. არმან ლორიენტე (სასუოლო) – 7.32 (0)
4. პაულო დიბალა (რომა) – 7.28 (-0.06)
5. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.24 (-0.03)

პაულო დიბალამ სამეულში ადგილი დაკარგა, ახლა მე-3 პოზიციაზე სასუოლოს გარემარბი არმან ლორიენტეა. სხვა მხრივ, ხუთეულში ცვლილება არ ყოფილა. შემდეგ მოდიან: ლუკას მარტინესი (ფიორენტინა. 7.21), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი. 7.20) და ლაუტარო მარტინესი (ინტერი. 7.19). 

წინ ოთხია, რეალურად - ორი

ევროპის საუკეთესო ლიგებში, ფეხბურთელთა რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია ისევ მე-5 პოზიციაზეა, თუმცა საშუალო რეიტინგი ოდნავ კიდევ გაიუმჯობესა და ახლა 7.63 ქულა აქვს. მის წინ მყოფი 4 ფეხბურთელიდან ორი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს: მარტინ ტერიემ (რენი) ტრავმა იანვარში მიიღო, ნეიმარის თამაშიც სეზონის ბოლომდე საეჭვოა. დღეისათვის WhoScored-ის რეიტინგში მოსახვედრად, ფეხბურთელს მინიმუმ 15 მატჩი უნდა ჰქონდეს გამართული. ასე რომ, ტერიე (16 თამაში: 9 გოლი 4 საგოლე პასი) სიას შემდეგი ტურის მერე თავისით ჩამოცილდება. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.45 (-0.05)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.72 (-0.07)
3. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
4. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71 (0)
5. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.63 (+0.03)

6. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.59 (+0.07)
7. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.54 (-0.02)
8. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.52 (0)
9. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.51 (0)
10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.51 (-0.02)

პსჟ-ს ცუდი ტური ჰქონდა, ასე რომ, ლიონელ მესის და კილიან მბაპეს მოაკლდათ ქულები, თუმცა მათი ლიდერობა (განსაკუთრებით ლეოსი) მაინც მყარია, თუმცა უკვე ფაქტია, რომ შემდეგი მიზანი ხვიჩას პროგრესისთვის, სწორედ მბაპეს დაწევაა. ერთი შეხედვით შეუძლებელია, მაგრამ უკვე ფაქტია, დიდი ლიგების ქართველ დებიუტანტს მართლაც საოცარი სეზონი აქვს. 

კილიანს და პსჟ-ს ცუდი ტური ჰქონდათ. ხვიჩა მას უკვე მხოლოდ 9 მეასედი ქულით ჩამორჩება

ათეულიდან არსენალის ფორვარდი გაბრიელ ჟეზუში (7.44) გავარდა, ის სულაც მე-17 პოზიციამდე დაქვეითდა, რადგან მეორე ათეულში დიდი სიმჭიდროვეა. 11. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი. 7.50); 12. ბუკაიო საკა (არსენალი. 7.50); 13. ჰარი კეინი (ტოტენჰემი. 7.49); 15. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო. 7.47). 

TOP 5 ლიგების სეზონის სიმბოლური ნაკრები

საოცარ ხუთეულში

ტორინოსთან ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატში მისთვის მე-10 საგოლე პასი გააკეთა და იმ ფეხბურთელთა სიას შეუერთდა, რომელთაც ევროპის ტოპლიგებში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი უკვე აქვთ. სია სულ 5-კაციანია. სერია A-ში ხვიჩა პირველია, ვინც ეს შეძლო. სხვათა შორის, ყველაზე მეტი საგოლე პასი მესის აქვს (13). 

მინიმუმ 10+10. TOP 5 ლიგები

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 13+13
2. ნეიმარი (პსჟ) – 13+11
3. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 12+10
4. ბუკაიო საკა (არსენალი) – 12+10
5. რანდალ კოლო მუანი (აინტრახტი) – 11+10

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. U23 [WhoScored]

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.63 (+0.03)
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.52 (0)
3. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.50 (+0.04)
4. ბუკაიო საკა (არსენალი) – 7.50 (+0.07)
5. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 7.43 (-0.04)

TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები

ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 9
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 6
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5 
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 5.

კომენტარები

ბოლო ამბები