Thumbnail

სკანდალი რუსების დაშვების გამო - FIE-ს მოფარიკავეები და ფედერაციები აუჯანყდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) 10 მარტის კონგრესზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით დაუშვეს საერთაშორისო ტურნირებზე, ეს გადაწყვეტილება ძალაში აპრილის მეორე ნახევრიდან შედის, თუმცა ფარიკაობის სამყაროში ისეთი პროტესტებია, რომ მას ასრულება არ უწერია. 

შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი პირველმა საქართველოს საუკეთესო მოფარიკავემ და ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს პირველმა ნომერმა სანდრო ბაზაძემ გააკრიტიკა. სანდროს კოლეგებს შორის ბევრი მომხრე ჰყავს.

გერმანიის ფარიკაობის ფედერაციამ უკვე გააუქმა მსოფლიოს თასის ეტაპი რაპირისტ ქალთა შორის, რადგან მათ რუსი სპორტსმენების მასპინძლობა არ სურდათ. ფინეთის ფედერაციამ ახლახან გააუქმა მსოფლიოს თასის სატელიტი ტურნირი, რომელიც სექტემბერში იყო დაგეგმილი. "ამ ეტაპზე ვერაფრით გავმართავთ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას ამ ორი ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ", - განაცხადა ფინეთის ფარიკაობისა და ხუთჭიდის ფედერაციის წარმომადგენელმა იონას ლიუტინენმა. 

ამერიკის ნაკრების მოფარიკავეებმა კი რუსების ტურნირზე დაშვების საწინააღმდეგოდ ვიდეორგოლიც ჩაწერეს, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ ლი კიფერთან და სხვებთან ერთად საკუთარ აზრს სანდრო ბაზაძეც გამოხატავს. მოგვიანებით, აშშ-ს ფარიკაობის ფედერაციამ მხარი დაუჭირა საკუთარ სპორტსმენებს. 

FIE რეპრესიებზე გადადის, საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენებს უკრაინის სიმბოლიკის ტარება აუკრძალა ტირნირების განმავლობაში. 

ხმლით მოფარიკავეთა მორიგი მსოფლიოს თასი 24-26 მარტს ბუდაპეშტში გაიმართება და იქ მონაწილეობას სანდრო ბაზაძეც მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები