- ნორვეგიის ნაკრებმა ესპანეთსა და საქართველოსთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
- 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
- პირველი დღე არასრული შემადგენლობით - საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო
საქართველოს ნაკრების დარად, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება ნორვეგიის ნაკრებმაც დაიწყო.
სტალე სოლბაკენი ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც მათ შეკითხვებს უპასუხა. ნორვეგიელები საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე 3 დღით ადრე მალაგაში ესპანეთს ესტუმრებიან, ამიტომაც ლოგიკურია, რომ ისინი ჯერ "ფურია როხასთან" თამაშზე არიან ორიენტირებული.
დღეს მხოლოდ სპორტდარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლნენ ნორვეგიული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავები, მარტინ ედეგორი და ერლინგ ჰაალანდი. სოლბაკენმა პრესკონფერენციაზე მათ შესახებ ისაუბრა.
"მარტინიც და ერლინგიც მსოფლიო ფეხბურთში გამორჩეული ფიგურები არიან. გუნდურად თუ ვითამაშებთ, მათთვის უფრო ადვილი იქნება. მათ იციან, რომ არ არიან მანჩესტერ სიტისა და არსენალში. გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ესპანეთთან დომინანტები ვიქნებით და იმდენჯერ მიიღებენ ბურთს კარგ პოზიციაში, რამდენჯერაც თავიანთ გუნდებში იღებენ", - აღნიშნა სოლბაკენმა.
როგორც ნორვეგიული მედია წერს, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბრენტფორდის ცენტრალური მცველი კრისტოფერ აიერი, რომელსაც ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა გაუცდება. აიერი ნორვეგიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, 27 მატჩი აქვს ჩატარებული, კარიერის განმავლობაში კი სტარტის, სელტიკის, კილმარნოკისა და ბრენტფორდის რიგებში აქვს ნათამაშები. ის სოლბაკენს ნაკრებში გამოძახებული ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს, ამხანაგურ შეხვედრას მონღოლეთის ნაკრებთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე ხსენებული თამაში ბათუმში ჩატარდება.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგური შეხვედრა - 1:0, 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე - 4:1 და 1:0.
კომენტარები