Thumbnail
  • ნორვეგიის ნაკრებს მთავარი სუპერვარსკვლავი გამოაკლდა
  • ერლინგ ჰაალანდი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ცუდი ამბავი ნორვეგიის ნაკრებისთვის, მაგრამ კარგი კარგი ამბავი ჩვენთვის: ერლინგ ჰაალანდი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს!

ახლახან გავრცელდა და დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მანჩესტერ სიტის გოლეადორი საზარდულის ტრავმის გამო ვერც ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს და არც ბათუმში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გავა მოედანზე.

'ერლინგისთვის ეს მძიმე დარტყმაა' - სტალე სოლბაკენი

22 წლის ცენტრფორვარდმა ტკივილები შაბათს, ბარნლისთან 6:0-ის შემდეგ იგრძნო (იმ თამაშში მან ჰეთთრიკი შეასრულა). ახლა კი გაირკვა, რომ ტრავმა საკმარისად სერიოზულია და ჰაალანდი ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჰაალანდი ნაკრებში გამოცხადდა, მაგრამ იძულებული გახდა, ეროვნული გუნდი ისევ დაეტოვებინა.

"ერლინგისთვის ეს მძიმე დარტყმაა. საბედნიეროდ, ჩვენი გუნდი მის გარეშეც საკმარისად თავდაჯერებული, ნიჭიერი, ძლიერი და ერთიანია საიმისოდ, რომ უახლოეს მატჩებში საჭირო ქულები ავიღოთ." - ეს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის სიტყვებია.

ჰაალანდმა ტრავმა შაბათს მიიღო

"იმედი გვქონდა, რომ პრობლემა მცირე და უმნიშვნელო იყო, რომელსაც შაბათამდე მოვაგვარებდით, მაგრამ ტესტებისა და შემოწმებების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ერლინგმა ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩები უნდა გამოტოვოს." - განაცხადა ნორვეგიის ნაკრების ექიმმა ოლა სანდმა.

შესაძლოა, ჰაალანდი მანჩესტერ სიტისაც დააკლდეს პირველ აპრილს დაგეგმილ ტოპ-მატჩში ლივერპულთან და უფრო უარესიც: 10 დღის შემდეგ სიტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნს უნდა შეხვდეს და ნორვეგიელის თამაში შესაძლოა იმ თამაშშიც საეჭვო გახდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშს 28 მარტს სწორედ ნორვეგიასთან გამართავს. მატჩი ბათუმში გაიმართება. მანამდე კი, 25 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი, ასევე ბათუმში, მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშება.  

კომენტარები

ბოლო ამბები