Thumbnail
  • ვილი სანიოლმა ფრანგულ SO FOOT-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
  • 46 წლის მწვრთნელის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ SO FOOT-ს ინტერვიუ მისცა. ერთია, როცა 46 წლის ფრანგი სპეციალისტი პრეკოსკონფერენციაზე ქართული მედიის შეკითხვებს პასუხობს და მეორე, როდესაც თანამემამულეებს საქართველოზე, მის ნაკრებსა და ფეხბურთელებზე უყვება. 

ამ ინტერვიუდან ჩვენი მკითხველისთვის მეტნაკლებად საინტერესო მონაკვეთები ამოვიღეთ.

საქართველოზე: "როდესაც საქართველოდან წინადადება მივიღე (ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან წვრთნის), ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ამ ქვეყანაზე, ადგილობრივ ფეხბურთზე, მიუხედავადად იმისა, რომ 2006 წელს საქართველოში ნამყოფი ვიყავი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად. ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დამიკავშირდა, რომელსაც ჯერ კიდევ ბუნდესლიგიდან ვიცნობდი და ძალიან სწრაფად დავთანხმდი. მომეწონა პროექტი, რომელშიც საკმარისი დრო მექნებოდა გუნდის ასაშენებლად. ბევრი არ მიფიქრია ორწლიან კონტრაქტზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა.

შევეცადე, შემესწავლა ქართული ენა, მაგრამ თავად ჩემმა ფეხბურთელებმა მირჩიეს, განზრახვაზე ხელი ამეღო!

გადავწყვიტე, წლის განმავლობაში რამდენიმე თვე თბილისში მეცხოვრა, რადგან ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის, მისი კულტურის, ტრადიციების ცოდნა და მოთამაშეების უფრო ახლოს გაცნობა. ეგ კი არა, შევეცადე, შემესწავლა ქართული ენა, მაგრამ თავად ჩემმა ფეხბურთელებმა მირჩიეს, განზრახვაზე ხელი ამეღო! ქართველებს დამწერლობა საკუთარი აქვთ და ის საკმაოდ რთული ჩანს. 

ფრანგი სპეციალისტი წლის პირველი მატჩებისთვის ემზადება

აქ წლის განმავლობაში დაახლოებით შვიდ თვეს ვატარებ. ჩემი საქმე ჩემპიონატისა და ევროთასების მატჩებზე დასწრებაა. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, უდიდესი კულტურით, აქაურები კი თბილი და გულღია ადამიანები არიან. როდესაც თამაშებზე პროვინციებში მიხდება გასვლა, კარგად აღვიქვამ ამ პატარა ქვეყნის სილამაზეს. რაც შეეხება თბილისს, მართლაც ძალიან ლამაზი დედაქალაქია, ძალიან სასიამოვნო და დინამური. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა - აქ გაქვს იმის ფუფნება, გასაღები ავტომობილის კარში დაგრჩეს".

ხვიჩა კვარაცხელიაზე რამდენიმე ფრანგულ კლუბს დაველაპარაკე, მაგრამ მისი აყვანა არ მოისურვეს

ხვიჩასა და ქართველ ფეხბურთელებზე: "ის, რასაც კვარაცხელია იტალიაში აკეთებს, ექსტრაორდინარულია. მისი წყალობით, ინტერესი გაზრდილია ქართველი მოთამაშეების მიმართ, განსაკუთრებით საფრანგეთში. მახსოვს, როდესაც რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ ის უკლუბოდ იყო, რამდენიმე ფრანგულ კლუბს დაველაპარაკე, მაგრამ მისი აყვანა არ ისურვეს. კვარაცხელიამ ნაპოლიში გადასვლამდე რამდენიმე თვე დინამო ბათუმში გაატარა, დღეს კი ვხედავთ შედეგს. ახლა ფრანგული კლუბებიდან მირეკავენ, რათა ინფორმაცია მივაწოდო. მიდგომა შეიცვალა, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ 3,7 მილიონია, მოთამაშეთა რაოდენობა კი შეზღუდულია და ევროპის ტოპ-5 ლიგის შესაფერისი დონის ფეხბურთელის მოძიება იოლი არ არის".

საკუთარ თავს ვეუბნები: 'თუკი თავს ბედნიერად საქართველოში გრძნობ, ე.ი. იქ უნდა დარჩე'

ევრო 2024-ის შესარჩევზე: "ვიცით, რომ ჩვენს ჯგუფში მთავარი ფავორიტი ესპანეთია. ნორვეგიას ჰყავს ჰაალანდი, სხვა კარგ მოთამაშეებთან ერთად. არის კიდევ შოტლანდია და ვიცი, რას ნიშნავს გლაზგოში თამაში. არ შეიძლება კვიპროსის დაუფასებლობაც. არ ვამბობ, რომ კვალიფიკაციის დაძლევის შანსი არ გვაქვს. თუკი ტრავმებს ავირიდებთ და მოთამაშეთა 18-20-კაციანი ჯგუფი ჩემს განკარგულებაში იქნება, მჯერა, რომ მეტოქეებს პრობლემებს შევუქმნით. დიახ, შვედეთს ბათუმში მოვუგეთ (2:0), სტუმრად საბერძნეთთან ფრედ ვითამაშეთ (1:1), ესპანეთმა კი თბილისში ბოლო წუთებზე მოგვიგო (1:2). ერთ თამაშში შეიძლება ნებისმიერს აჯობო, მაგრამ როდესაც საქმე საკვალიფიკაციო ტურნირს ეხება, აქ ყველაფერი გაცილებით რთულია, განსაკუთრებით ფიზიკური თვალსაზრისით". 

ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების ლიდერია

მომავალზე: "გარწმუნებთ, კარიერული გეგმები საერთოდ არ მაქვს. პანდემიის პერიოდში ფიქრისთვის დრო, სხვების მსგავსად, მეც ბევრი მქონდა და ვფიქრობდი იმაზე, რა მჭირდება ბედნიერებისთვის. საკითხს მარტივად ვიყურებ და საკუთარ თავს ვეუბნები: "თუკი თავს ბედნიერად საქართველოში გრძნობ, ე.ი. იქ უნდა დარჩე".

ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მარტში ორი შეხვედრა აქვს დაგეგმილი და ორივე ბათუმში. გუნდი 25 მარტს ამხანაგურად მონღოლეთს ეთამაშება, 28-ში კი ევრო 2024-ის შესარჩევის პირველ თამაშს ნორვეგიასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები