Thumbnail

სამპაოლი ისევ გაუშვეს - სევილია ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ხორხე სამპაოლი სევილიაში გასული წლის ოქტომბერში მივიდა
  • არგენტინელის ნაადრევად გაშვება კლუბს ძვირი დაუჯდა

ხორხე სამპაოლი სევილიადან გაუშვეს. ამის შესახებ ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა. კლუბის ხელმძღვანელობამ არგენტინელი სპეციალისტის გაშვება ხეტაფესთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ გადაწყვიტა.

სევილიას ძალიან ცუდი სეზონი აქვს. გუნდი ლა ლიგაში 28 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. ესპანური გუნდი უკეთ გამოიყურება ევროპალიგაზე, სადაც მეოთხედფინალშია გასული და იქ მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.

სანაკრებო პაუზის გამო სევილიას პირველ აპრილამდე ოფიციალური შეხვედრის გამართვა აღარ მოუწევს. კლუბში ფიქრობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში შეძლებენ სამპაოლის შემცვლელის პოვნას, რომელიც გუნდში არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.

63 წლის არგენტინელ სპეციალისტს სევილიასთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა. ესპანურიო მედია წერს, რომ ესპანურ კლუბს მწვრთნელთან კონტრაქტის გაწყვეტა 10 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა მწვრთნელმა ოქტომბერში ხულიენ ლოპეტეგი შეცვალა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში დორტმუნდის ბორუსიასთან დიდი ანგარიშით (1:4) მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები