Thumbnail
  • რამადანის პერიოდში არბიტრები მუსლიმ ფეხბურთელებზე იზრუნებენ
  • წესით მოჰამედ სალაჰი, რიად მაჰრეზი და ნ'გოლო კანტე ისარგებლებენ 

არბიტრებს, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს ემსახურებიან, სთხოვეს, საღამოს თამაშებში მუსლიმი ფეხბურთელებისთვის პაუზები დაუშვან. 

Sky Sports-ის ცნობით, ახალი წესი მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის პერიოდში იმოქმედებს. მუსლიმ ფეხბურთელებს შეეძლებათ, მიიღონ სითხე თუ სპეციალური ენერგეტიკული დანამატები. 

შესაბამისად, ახალი წესით ისარგებლებენ პრემიერლიგის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლივერპულის შემტევი მოჰამედ სალაჰი, მანჩესტერ სიტის გარემარბი რიად მაჰრეზი და ჩელსის ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე.
 
მსაჯებს მიეცათ რეკომენდაცია, თამაშის დაწყების წინ გაარკვიონ, რომელ ფეხბურთელებს დასჭირდებათ სპეციალური პაუზა და შეათანხმონ მატჩის მონაწილეებთან პაუზის სავარაუდო დრო.

2023 წელს რამადანი 22 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყება და 21 აპრილს, ურაზა ბაირაიმის დღესასწაულით დასრულდება. ამ ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები უარს ამბობენ მზის ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღებაზე. 

ინგლისის ჩემპიონატში უახლოესი ტური სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 1-3 აპრილს გაიმართება და მას მანჩესტერ სიტი-ლივერპულის დაპირისპირება გახსნის. 

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 28 მატჩში მოპოვებული 69 ქულით ლონდონის არსენალი ლიდერობს. "მეთოფეებს" 8 ქულით მანჩესტერ სიტი ჩამორჩება, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები