Thumbnail

ფიბამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ევროპული ზონის შედეგები შეაჯამა და სიმბოლური ხუთეული შეადგინა, რომელშიც ერთბაშად 2 ქართველი კალათბურთელი მოხვდა.

ფიბამ რჩეულთა გამოვლენა ექსპერტებს სთხოვა შემდეგი პრინციპით: საუკეთესო კალათბურთელს 5 ქულა ერგებოდა, შემდეგ კი, შესაბამისად, 4, 3, 2 და 1 ქულა. აი, მათი ვერდიქტიც.

ჯეფ ტეილორი: გიორგი შერმადინი (საქართველო), მარკო სპისუ (იტალია), ხაიმე ფერნანდესი (ესპანეთი), რიჰარდს ლომაზსი (ლატვია), ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი).
დევიდ ჰეინი: გიორგი შერმადინი, ვიქტორ ვემბანიამა, ზიგა სამარი (სლოვენია), სასუ სალინი (ფინეთი), ნიკო მანიონი (იტალია).
იგორ ჩურკოვიჩი: თორნიკე შენგელია (საქართველო), ვიქტორ ვემბანიამა, მარკო სპისუ, იოჰანეს ვოიგტმანი (გერმანია), მარკო გუდურიჩი (სერბეთი).

გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ისლანდიასთან გადამწყვეტი მატჩის შემდეგ

შედეგად, ხმები ასე გადანაწილდა: 10 – შერმადინი, 9 – ვემბანიამა, 7 – სპისუ, 5 – შენგელია, 3 – ფერნანდესი. როგორც ხედავთ, საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს აქვს და მან უკან საფრანგეთის ნაკრების ცენტრი ვიქტორ ვემბანიამაც მოიტოვა, რომელსაც NBA-ს მომავალ დრაფტზე პირველ ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებენ.

ცნობისთვის, დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა ქომაგებსაც შეუძლიათ და საინტერესოა, რომ ამ დროისთვის პირველ პოზიციებს სწორედ საქართველოს ნაკრების წევრები ინაწილებენ, ოღონდ, ამ შემთხვევაში, შენგელია პირველია, შერმადინი კი – მეორე. ამდენად, დიდია ალბათობა MVP-ს ტიტული რომელიმე ქართველს ერგოს.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ტურნირის შედეგებით, საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა და 29 აპრილს მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ. მსოფლიოს პირველობას 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამი ქვეყანა – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები