- 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
- როგორია ნორვეგიის ნაკრები ერლინგ ჰაალანდთან ერთად და მის გარეშე
- ზურიკო დავითაშვილი: მიზანი ევრო 2024-ზე გასვლაა
ერლინგ ჰაალანდი საქართველოს ნაკრებთან მატჩს საოცარ ფორმაში ხვდებოდა: ნორვეგიელ ბომბარდირს ბოლო ორ საკლუბო შეხვედრაში, რომლებშიც 63-ე წუთისთვის შეცვალეს, 8 გოლი გაიტანა!
ჰაალანდი თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავია და ცხადია, ნორვეგიის ნაკრებისთვის მთავარი დასაყრდენი ძალაა. თუმცა, გაირკვა, რომ საზარდულის ტრავმა აქვს, რის გამოც სანაკრებო შეკრება დატოვა, შესაბამისად, ვერც ესპანეთისა და ვერც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
და, მაინც, რა ძალას წარმოადგენს ჰაალანდი ნორვეგიის ნაკრებისთვის, თუ ყველაფერს ციფრებში ავსახავთ? ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ 22 წლის თავდამსხმელი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა. უფრო კონკრეტულად:
ჰაალანდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 10 მატჩიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი), საიდანაც ნორვეგიამ 5 მოიგო. გამონაკლისი იყო, ნიდერლანდების ნაკრებთან ფრე "ულევაალზე" (1:1). იმ 4 მატჩიდან კი, რომელშიც ჰაალანდი მოედანზე არ იყო, ნორვეგიამ მხოლოდ 1 მოიგო (მონტენეგროსთან 2:0).
მას შემდეგ, რაც ნორვეგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად სტალე სოლბაკენი (2020 წლიდან) მუშაობს, ჰაალანდმა ნორვეგიის ნაკრებში 16 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 15 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ამ 16 შეხვედრაში ნორვეგიელებმა სულ 32 გოლი შეაგდეს, ამგვარად, თითქმის ნახევარი ერლინგის აქტივშია - 32-დან 15 (47%). ცნობისთვის, ერლინგს ნორვეგიის ნაკრებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 21 გოლი გაიტანა - ამგვარად, შეიძლება ითქვას, საშუალოდ თამაშში თითო გოლი გააქვს.

ამ უბრალო სტატისტიკური მონაცემებიდანაც ადვილად იკითხება, რომ ერლინგ ჰაალანდი ნორვეგიის ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა და მისი შეცვლა ნორვეგიელებისთვის იოლი არ იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ სოლბაკენი ჰაალანდის ტრავმის მიუხედავად, არ აპირებს ნაკრებში სხვა ფეხბურთელი გამოიძახოს. გამოცდილ სპეციალისტს ალეკსანდერ სორლოტის (სოსიედადი), იორგენ სტრანდ ლარსენისა (სელტა ვიგო) და კრისტიან ტორსტვედტის (სასუოლო) იმედი აქვს. გარდა ამისა, ნორვეგიელთა სამწვრთნელო შტაბისთვის თავდასხმაში ალტერნატიულ ვარიანტად განიხილებიან შემტევი ნახევარმცველები ოლა სოლბაკენი (რომა) და ოლა ბრინჰილდსენი (მიოლდე).
მიუხედავად ჰაალანდის კლასისა და გავლენისა, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ მოდუნება არ შეიძლება. სტალე სოლბაკენის განკარგულებაში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომლებიც ტოპლიგებში თამაშობენ. რასაკვირველია, არსენალის კაპიტანი მარტინ ედეგორი და სოსიედადის თავდამსხმელი ალეკსანდერ სორლოტი გამორჩეულები არიან. ამდენად, საქართველოს ნაკრებს კონცენტრაციის დაკარგვის უფლება მაინც არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს, ამხანაგურ შეხვედრას მონღოლეთის ნაკრებთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე ხსენებული თამაში ბათუმში ჩატარდება. თავის მხრივ, ნორვეგიის ნაკრები 25 მარტს, საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს და მალაგაში, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგური შეხვედრა - 1:0, 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე - 4:1 და 1:0.
კომენტარები