Thumbnail

მეტი დრო, მეტი თამაში, მეტი თავდაჯერება, მეტი ქულა!

მამუ სასტარტო ხუთეულში იყო

მართალია, სან ანტონიო NBA-ს მიმდინარე სეზონში უკვე დიდი ხანია, სერიოზულს აღარაფერს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენთვის ეს მეორეხარისხოვანია, მთავარი კი ის არის, რომ სანდრო მამუკელაშვილი თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს. უმტკიცებს არა მარტო სპურსის მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს, არამედ ყველას.

მამუმ პელიკანსთან სასტარტო ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე ითამაშა და პარკეტზე ჯამში 25:20 წუთი გაატარა. მან ზაკ კოლინზი შეცვალა და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სან ანტონიოს დევინ ვასელისა და ჯერემი სოხანის სახით კიდევ ორი წამყვანი კალათბურთელი აკლდა.

მოკლედ: მამუკელაშვილის ანგარიშზე 20 ქულაა. მან 14-დან 7 სროლა გამოიყენა, მათ შორის 6-დან 3 სამქულიანი. ანუ, სანდროს სროლების სიზუსტის 50-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. სამაგიეროდ, 100-პროცენტიანი იყო საჯარიმოებით (3/3). მამუკელაშვილს 5 მოხსნაც ჰქონდა (4 დაცვაში, 1 შეტევაში), ასევე 3 ასისტი და 3 ჩაჭრა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და +/- კოეფიციენტი -11 გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი სან ანტონიოში საუკეთესო გახლდათ.


ამ სეზონში 20 ქულა მამუკელაშვილის საუკეთესო შედეგია, კარიერის რეკორდი კი შარშან, სეზონის ბოლო მატჩში ჰქონდა, როცა კლივლენდთან 28 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნაც გააკეთა.

სან ანტონიომ ბოლოს რამდენიმე ამბიციური გუნდი გააბრაზა, ნიუ ორლეანსმა კი, თამამად შეიძლება ითქვას, თავისი საშინაო დავალება ადვილად შეასრულა და მე-10 ადგილს, ანუ Play-In-ის ზონას ისევ მიუახლოვდა. საუკეთესო ბრენდონ ინგრემი გახლდათ, რომელსაც 32 ქულისთვის მხოლოდ 16 სროლა დასჭირდა (2/2 სამქულიანები, 10/10 საჯარიმო).

პელიკანსმა პირველი ტაიმი 25 ქულით მოიგო, მოგვიანებით 36 ქულითაც იყო წინ და საბოლოოდ 35-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა. იონას ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი შეასრულა (19 ქულა, 15 მოხსნა). ტრეი მერფიმ 17 ქულა ჩააგდო.

სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა (19 მოგება, 53 მარცხი). პოპოვიჩის გუნდი მომდევნო მატჩს 23 მარტს, მამუს ყოფილ გუნდ მილუოკისთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები